გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ეპიზოდზე ბრალდებულებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ეპიზოდზე ბრალდებულებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ეპიზოდზე ბრალდებულებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს და პროცესი გადაიდო.

აღნიშნულის მიზეზი სასამართლოს მიერ პროცესების განსახილველად ერთი დღის დამატება გახდა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და სასამართლო ფორსირებულ რეჟიმში აგრძელებს პროცესების გაგრძელებას.

ადვოკატ ბექა ნემსიწვერაძის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასცა რეკომენდაცია და მიმართა სასამართლოებს, შეძლებისდაგვარად ყველა პროცესი გადადონ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რა ვითარებაც ქვეყანაშია, ადვოკატის თქმით, „მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ იმ საქმეზე, სადაც არანაირი ვადა არ არსებობს, აღკვეთის ღონისძიება დაემატებინა, კვირაში კიდევ ერთი დღე და ასეთი ინტენსივობით გაგრძელებულიყო საქმის განხილვა“.

„მიგვაჩნია, რომ სასამართლო შეგნებულად აჩქარებს ამ პროცესის განხილვას მიუხედავად იმისა, რომ ვადებში არ არის შეზღუდული, გამომდინარე იქიდან, რომ მათ აქვთ დავალება, რაც შეიძლება მალე დაამთავრონ ეს საქმე და მიიღონ ის უკანონო დავალება, რა დავალებაც აქვს მიცემული სასამართლოს. ბრალდებულებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს პროცესი და ადვოკატებს გვითხრეს, რომ სანამ მათთან არ გავივლით კონსულტაციას, არ გავაგრძელოთ მათი დაცვა“, – განაცხადა ადვოკატმა.

პროკურატურა ბრალდებულების ქმედებას პროცესების გაჭიანურებას უკავშირებს. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან მსგავსი ქმედება პირველად არ მომხდარა და მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად სასამართლომ საქმეზე ბრალდებულ ყველა პირს საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა.

„რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებულებისა და ადვოკატების ქმედებას, რამოდენიმე პროცესია, ვაკვირდებით მათ და ჩანს, რომ ოთხი პროცესის ჩატარებისას დავკითხეთ ერთი მოწმე და მათი ქმედებები პირდაპირ არის მიმართული, რომ არ ჩატარდეს პროცესი, არ დაიკითხონ მოწმეები, გააჭიანურონ საქმის განხილვა. შესაბამისად, დღევანდელი ქმედებაც არ იყო პირველი. წინა სასამართლო პროცესზეც დატოვეს ბრალდებულებმა სხდომის დარბაზი. მათი ქმედებები მიმართულია პროცესის გაჭიანურებისკენ. დღეს სასამართლომ დაინახა დაცვის მხარის ქმედებები. ეს მიმართულია პროცესების გაჭიანურებისკენ და ხელი ეშლება სასამართლოს საქმის განხილვაში. აქედან გამომდინარე, მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება პოლიტიკურ სარჩულს, ასეთ განცხადებებს ძალიან მრავლად აკეთებს დაცვის მხარე. მე მივაწერ უფრო დაცვის მხარის უსუსურობაზე, ვერ წარმოაჩენენ თავის პოზიციას დადებითად სასამართლო პროცესებზეც და გარეთაც, შემდეგ ცდილობენ, ვინმეს გადააბრალონ, თითქოს პოლიტიკური სარჩული აქვს ამ ყველაფერს“, – განაცხადა პროკურორმა.

საქმის განხილვა 7 დეკემბერს 11:00 საათზე გაგრძელდება.