გიორგი შაქარაშვილის დედა - ხუთივე ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას ვითხოვ
გიორგი შაქარაშვილის დედა - ხუთივე ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას ვითხოვ

სამართლიან განაჩენს ვითხოვ, ხუთივე ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას, – ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დედამ, თამარ შალვაშვილმა მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან განაცხადა, სადაც რამდენიმე წუთში განაჩენი უნდა გამოცხადდეს.

საქმის განხილვა თითქმის ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალი ხუთ პირს აქვს წაყენებული. მათგან ორი არასრულწლოვანია, რის გამოც სხდომები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

განაჩენს მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და ამ საქმის განმხილველი მოსამართლე ბიძინა სტურუა გამოაცხადებს. წინა სხდომებზე დაკავებულების ოჯახები აცხადებდნენ, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

ცნობილია, რომ განაჩენის გამოცხადებას დღეს გიორგი შაქარაშვილის დედა და მისი მეგობრებიც დაესწრებიან. შაქარაშვილის დედა საქმეზე ერთხელ არის დაკითხული. ამ შემთხვევის გარდა, ის სასამართლო სხდომებზე არც ერთხელ არ ყოფილა.

პროკურატურის განცხადებით, დაკავებულმა პირებმა 19 წლის ფეხბურთელს ჯერ ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, რის შემდეგაც მდინარე არაგვში ჩააგდეს. აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფენ დაკავებულების ადვოკატები. არც ერთი დაკავებული წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

განაჩენის გამოცხადება მცხეთის რაიონულ სასამართლოში 15:00 საათზეა დაგეგმილი.