გიორგი შაქარაშვილის დედა ექვსი არასრულწლოვნის საქმეზე დაზარალებულის სტატუსით გამოიკითხება
გიორგი შაქარაშვილის დედა ექვსი არასრულწლოვნის საქმეზე დაზარალებულის სტატუსით გამოიკითხება

ადვოკატების შუამდგომლობის მიუხედავად, გიორგი შაქარაშვილის დედა თამარ შალვაშვილი, დაზარალებულის სტატუსით ექვსი არასრულწლოვნის საქმეზე გამოიკითხება.

ბრალდებულების ადვოკატებმა თამარ შალვაშვილის მოწმედ გამოკითხვაზე უარი თქვეს, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გიორგი შაქარაშვილის დედა დასაკითხ მოწმეთა სიაში დარჩა.

ადვოკატ როსტომ კერესელიძის განმარტებით, დაცვის მხარეს თამარ შალვაშვილის გამოკითხვა ემოციური ფაქტორიდან გამომდინარე არ სურდა.

„დაცვის მხარემ დღევანდელ პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, არ დაკითხულიყო გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის დედა, თუმცა აღნიშნული ქალბატონი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ არის ცნობილი, მათ შორის, ძალადობისა და თავდასხმის ნაწილშიც და როგორც დაზარალებულს, ისევე დაზარალებულის უფლებამონაცვლეს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მისი პოზიცია მოსმენილი იქნეს. აღნიშნული ქალბატონი ბრალდების მხარის მოწმეთა სიაში იყო და ბრალდებამ მიზანშეწონილად ჩათვალა, ის სასამართლოს წინაშე მოწმედ გამოცხადებულიყო და მისი პოზიცია მოეხსენბინა“, – განაცხდა საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა.

ამასთან, დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ არასრულწლოვნების საქმეზე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა ძალადობასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ერთ-ერთმა სრულწლოვანმა ბრალდებულმა, ნიკა ჟვანიამ.

საქმის მასალების მიხედვით, ნიკა ჟვანია 19 ივნისის ღამეს, გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებზე მაგისტრალზე მომხდარი პირველი დაპირისპირების ეპიზოდში ფიგურირებს. პროკურატურის მტკიცებით, ის თავდასხმას რკინის ხელკეტით ახორციელებდა.

დღეს ჩვენება მისცა სრულწლოვანმა ბრალდებულმა, გიგა ტატიაშვილმა, ასევე, დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა.

არასრულწლოვნების საქმის განხილვა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი