გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი - მოწმის ჩვენების გამოქვეყნების საკითხზე შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს და ამ ფაქტს სამართლებრივი შეფასება მიეცემა
გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი - მოწმის ჩვენების გამოქვეყნების საკითხზე შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს და ამ ფაქტს სამართლებრივი შეფასება მიეცემა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მოწმის ჩვენების გამოქვეყნების საკითხზე პროკურატურა და საგამოძიებო ორგანო ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს და აღნიშნულ გარემოებას სამართლებრივი შეფასება მიეცემა, –  ამის შესახებ შაქარაშვილის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა გაუთქმელობის შეთანხმების დარღვევაზე და მკვლელობის საქმის მასალების გასაჯაროებაზე განაცხადა.

„რაც შეეხება დღეს გამოქვეყნებულ ჩვენებას, ჩვენი მიზანია, გამოძიების ეტაპზე იმ მოწმეებმა, რომლებიც მომავალში დაიკითხებიან, არ იცოდნენ გამოძიების ვერსიები, იმ პირთა ჩვენებები, რომლებიც უკვე გამოიკითხნენ გამოძიების ეტაპზე. შესაბამისად, ჩვენი ინტერესი იყო ადვოკატების გაფრთხილებაც გაუთქმელობაზე. რაც შეეხება ჩვენების გამოქვეყნებას, ამ კუთხით პროკურატურა და საგამოძიებო ორგანო ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს და სამართლებრივი შეფასება მიეცემა აღნიშნულ გარემოებას. ის პირები, რომლებიც დგანან აღნიშნულის უკან, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემათ მათ ქმედებებსაც. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენებას, ჩვენ მიგვაჩნია რომ არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის არც საქმის მასალებთან და არც სხვა გარემოებებთან. შესაბამისად, სასამართლოში როდესაც დადგება ეს ეტაპი და დაიკითხება მოწმე, იგი ახსნის, რით არის გამოწვეული ჩვენებებში მოწოდებული ინფორმაცია“, – განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება კიდევ ერთ სატელეფონო მიმოწერას, რომელიც მედიაში გავრცელდა, პროკურორი აცხადებს, რომ „ეს არის მორიგი ინსცენირებული სიცრუე, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და, რა თქმა უნდა, ეს მიმოწერა არ ეკუთვნის გურამ ამირხანაშვილს“.

„აღნიშნული ემსახურება გიორგი შაქარაშვილის მკვლელებზე ხელის დაფარებას და ამ კუთხითაც ჩვენ ამოვიღებთ აღნიშნულ ტელეფონს და ჩავატარებთ ღონისძიებებს, რათა დადგინდეს ვის მიერ იქნა აღნიშნული მიმოწერები განხორციელებული, ვის ეკუთვნოდა აღნიშნული ტელეფონი და ის პირები, ვინც იყვნენ ამ ყველაფრის უკან, აგებენ პასუხს. ტელეფონი არის ერთ-ერთი ასეთი ინსცენირებული სიცრუე და პროკურატურას ექნება მკაცრი მიდგომა ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შეეცდება გიორგი შაქარაშვილის მკვლელებზე ხელის დაფარებას და მსგავსი სიცრუით საზოგადოებაში ისეთი წარმოდგენის შექმნას თითქოსდა, მოწმეზე ხდება ზეწოლა უშუალოდ სახელმწიფოს მხრიდან და ა.შ.“, – განაცხადა პროკურორმა.

დღეს, მედიაში გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალები გავრცელდა. საუბარია, გიორგი შაქარაშვილის მეგობრის და საქმის მთავარი მოწმის გური ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენებაზე.

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე 12 აგვისტოს გააფრთხილა. 

საუბარია გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების საწყის ეტაპზე, სატელევიზიო სივრცეში, ბეჭდურ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში დაფიქსირდა სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოქვეყნების ფაქტები, ხშირი იყო გასაჯაროებული მასალების არარელევანტური ინტერპრეტაციები.