გიორგი შალუტაშვილი -  მზად ვარ, ყოველგვარი წინაპირობების, წინააღმდეგობის გარეშე მივიღო სტუდენტების ყველა კითხვა და ყველა პრობლემურ საკითხზე დავიწყოთ მსჯელობა
გიორგი შალუტაშვილი -  მზად ვარ, ყოველგვარი წინაპირობების, წინააღმდეგობის გარეშე მივიღო სტუდენტების ყველა კითხვა და ყველა პრობლემურ საკითხზე დავიწყოთ მსჯელობა

ვფიქრობ, არც ახლაა გვიან, რომ ყველა იმ პრობლემაზე, რომელზეც იყო საუბარი, ყველა კითხვაზე, ვალდებული ვართ, პასუხი გავცეთ და გაეცემა, – ასე უპასუხა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რატომ მივიდა სიტუაცია აქამდე, რატომ ვერ მოხერხდა ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებამდე გარკვეული კომუნიკაცია მასა და სტუდენტებს შორის, რათა მთელი ეს პრობლემა ამოწურულიყო აკადემიურ სივრცეში?

„ბევრ კითხვაზე, რომელიც დაისვა, და პრობლემაზე გუშინწინ უკვე გავეცი პასუხი, მაგრამ მთავარი ჩემთვის გახლავთ ის, რომ პრობლემა, რომელიც ასე მწვავედ იდგა ორი დღის წინათ, დღეს უკვე აღარ არსებობს, რადგან გუშინ მე მივიღე პრინციპული გადაწყვეტილება, შემეცვალა ეთიკის კომისიის მიერ დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და შემეცვალა უფრო მსუბუქი ზომით, გაფრთხილებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა სტუდენტს ორშაბათიდან უკვე აქვს საშუალება, გააგრძელოს სწავლა უნივერსიტეტში. მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე მთავარი, კარდინალურად მნიშვნელოვანი და ყველა დანარჩენი პრობლემა, რომელზეც იყო საუბარი, ვფიქრობ, არა მარტო მოგვარებადია, არამედ აუცილებელია, დაიწყოს სწორედ აქტიური კომუნიკაცია სტუდენტებს შორისაც, პედაგოგებს შორის და ჩვენ მზად ვართ ამ დიალოგისთვის“, – განაცხადა შალუტაშვილმა.

როგორც შალუტაშვილმა აღნიშნა, მას არ სურს, რამე კონფრონტაციის ესკალაცია ოდნავ მაინც დაიწყოს.

„მე ვფიქრობ, დღეს არის უკვე აუცილებლობა დიალოგის. ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ თანაარსებობა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სწავლა და, რასაკვირველია, მე მზად ვარ, გავითვალისწინო და გაგებით მოვეკიდო სტუდენტების ყველა წინადადებას, რომელიც არ შეზღუდავს სხვების თავისუფლებას. ეს არის არამხოლოდ ჩემი პირადი მზაობა და მე ველოდები ყველა სტუდენტს, ყველა პედაგოგ მასწავლებელს, რომ სწორედ ამ სულისკვეთებით გავაგრძელოთ ურთიერთობა. მე გუშინწინ განვაცხადე ერთი რამ, რომ ჩვენ გვინდა, დავიწყოთ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან და მე ჩემს პირობას ვასრულებ. მე მზად ვარ, ყოველგვარი წინაპირობების და ყოველგვარი, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობის გარეშე მივიღო სტუდენტების ყველა კითხვა და ყველა პრობლემურ საკითხზე დავიწყოთ მსჯელობა. ჩვენ გვაქვს ამის სივრცე. ჩვენ გვაქვს ჩვენი ტელევიზია, სადაც შესაძლებელია, რომ გავხსნათ, გნებავთ, სადისკუსიო კლუბი სტუდენტებისთვის“, – განაცხადა შალუტაშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად არის მზად, რომ სტუდენტების მხრიდან პროტესტის გაგრძელების პარალელურად შედგეს გარკვეული შეხვედრები, კომუნიკაცია მასა და სტუდენტებს შორის და მოლაპარაკების აკადემიურ სივრცეში გადატანა მოხდეს, გიორგი შალუტაშვილმა განაცხადა, რომ ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს, მთავარია მოხერხდეს, არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და, პარალელურად, არსებობდეს პროტესტის ისეთი ფორმა, რომელიც სხვა ადამიანის უფლებებს არ დაარღვევს.

„მე ვფიქრობ, ეს უპრობლემოდ შეიძლება მოხერხდეს. პირდაპირ გეუბნებით, მე მზად ვარ. ასეთი რამ ხდება მსოფლიოს უამრავ უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ ხდება შეთანხმების საფუძველზე. ჩვენ ვმოქმედებთ წესდების შესაბამისად და ამ წესდებას უნდა ვემორჩილებოდე მეც და თითოეული სტუდენტიც. მხოლოდ ასე მოვახერხებთ შეთანხმებას, კონსენსუსს, თანაარსებობას, სწავლას, განვითარებას და თავისუფალი აზრის გამოხატვას, რომლისთვისაც, გულწრფელად ვიტყვი, ვცდილობდი, მთელი ცხოვრება მებრძოლა. ჩემი სამეგობრო, საახლობლო, ჩემი სტუდენტობა არის ამის მაგალითი“, – განაცხადა გიორგი შალუტაშვილმა.