გიორგი შალუტაშვილი - ბრალდება, თითქოს პროტესტს ვახშობთ, არ შეესაბამება სიმართლეს, უნდა მოვახერხოთ, რომ ყველა სტუდენტის ინტერესი, პროტესტის გამოხატვა თუ განათლების მიღება, თანაბრად დაკმაყოფილდეს
ეთიკის კომისიის წერილში არის ათამდე პუნქტი, რომლის საფუძველზეც სტუდენტებს შეუწყდათ სტატუსი, მაგრამ ეს არის იურიდიული პროცედურის მხოლოდ დასაწყისი, – ამის შესახებ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ განაცხადა.
ამგვარად, შალუტაშვილმა უპასუხა წამყვანის შეკითხვას, რა წესის დარღვევას ედავება ეთიკის კომისია ათ სტუდენტს და რის გამო იქნა მიღებული მათთვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გადაწყვეტილება, რადგან როგორც სტუდენტები აცხადებენ, წერილში, რომელიც მათ ელექტრონულად მიუვიდათ, დაკონკრეტებული არ არის სამართლებრივი საფუძვლები, რის გამო მიიღო კომისიამ ეს გადაწყვეტილება.
„მათ აქვთ სრული უფლება, გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება, დავუშვათ, სასამართლოში ან მომმართონ მე, როგორც რექტორს და მოხდეს ამ გადაწყვეტილების გადახედვა იმის მიხედვით, როგორი იქნება მათი პოზიცია. ჩემი მხრიდან, მოხდა ჩემი პირველი შეხვედრა ერთ-ერთ სტუდენტთან, ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა და თუ ეს გახდება მაგალითი და ამაში ყველა ერთად დავდგებით, პირდაპირ ვამბობ, მზად ვარ დიალოგისთვის. ასეთი გადაწყვეტილების მიღება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არავისთვის არ იყო სასიამოვნო, მაგრამ აქ არის ძალზედ მკაფიოდ გაწერილი, ეთიკის კოდექსის რომელი პუნქტებია დარღვეული“, – განაცხადა შალუტაშვილმა.
მისი თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სამი თვის მანძილზე ნამდვილად ითვალისწინებდა და გაგებით ეკიდებოდა მათ პროტესტს.
„ყველაფერი ფაქტებით არის გამყარებული. ძირითადი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ, რეალურად, ამ პერიოდში არასწორად, არასრულყოფილად წავიდა სასწავლო პროცესი, ანუ, უნივერსიტეტის მთავარი ფუნქცია. ახლა უკვე სალექციო პერიოდი გვეწყებოდა პირველ კორპუსშიც, უნივერსიტეტი ლექციებს, ფაქტობრივად, ვეღარ ატარებდა სრულყოფილად და იძულებული გავხდით, ისევ ონლაინ რეჟიმზე გადავსულიყავით. არამარტო ეს, ეს მივიდა ძალიან სერიოზულ პრობლემამდე. ჩვენ სამი თვის მანძილზე ნამდვილად ვითვალისწინებდით და მართლა გაგებით ვეკიდებოდით მათ პროტესტს. მინდა, ეს ორი საკითხი მკაფიოდ გავმიჯნოთ. ძალიან ხშრად გაისმა ასეთი ტიპის ბრალდება, თითქოს ჩვენ პროტესტს ვახშობთ. ძალიან რბილად ვიტყვი, რომ ეს არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენი მცდელობა ბოლო დღემდე, ბოლო წუთებამდე იყო იმის, რომ პროტესტიც არსებულიყო, მისცემოდათ ახალგაზრდებს საშუალება, თავიანთი აზრი გამოეთქვათ და იყო აზრი, რომელსაც ჩვენც ვეთანხმებოდით. არ მგონია, ქვეყნად იყოს ადამიანი, ვისაც პატიმრობაში ახალგაზრდა ადამიანის დატოვება უხარია და თან იქ არიან, საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ჩემი აღზრდილები არიან“, – განაცხადა შალუტაშვილმა.
როგორც რექტორმა აღნიშნა, არ შეიძლება, იყოს პროტესტი, რომელიც უკვე სხვის უფლებას დაარღვევს.
„ეს იყო პრობლემა. დღეს, მაგალითად, ერთ-ერთმა სტუდენტმა, რომლის სახელს და გვარს, ბუნებრივია, ვერ გავაჟღერებ, ძალიან დიდი უკმაყოფილებით მომმართა და არა ერთმა და ორმა. ის ჯგუფები, რომლებიც შევიდნენ პირველ კორპუსში, მათ, სამწუხაროდ, სირცხვილის კორიდორი დახვდათ და მათაც აქვთ ეს უფლება, რომ დაუბრკოლებლად შევიდნენ შენობაში, ისწავლონ და მიიღონ განათლება, ხომ? ჩვენ უნდა მოვახერხოთ და აუცილებლად უნდა მოვძებნოთ საერთო ენა, რომ ყველა სტუდენტის ინტერესი, იქნება ეს პროტესტის გამოხატვა თუ განათლების მიღება, თანაბრად დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა შალუტაშვილმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, იყო თუ არა ამ სტუდენტებთან კომუნიკაციის პრობლემა, რადგან ისინი აღნიშნავენ, რომ ამ სამი თვის განმავლობაში ორი ადამიანი მათთან ურთიერთობდა, მაგრამ კომუნიკაციის ყველა მცდელობა სრულდებოდა მათი მხრიდან შეურაცხყოფით, სტუდენტები ახლაც გამოთქვამენ პრეტენზიებს კომუნიკაციის ნაკლებობაზე და ამბობენ, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების შემდეგაც ცდილობენ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას და მიზეზების გარკვევას, მაგრამ პასუხი არ არის, რაზეც გიორგი შალუტაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის არავის მიუმართავს.
„რანაირად ვთქვა, ვინ მომმართა, რომ შევხვედროდი და არ შევხვდი? ეს ყველაფერი გადადის რაღაც სხვა სივრცეში“, – განაცხადა შალუტაშვილმა.
როგორც გიორგი შალუტაშვილმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ პროტესტმა თავი უკვე ამოწურა და ბოლოს უკვე ორი-სამი ბავშვი იყო. დაახლოებით 10-12 დღის წინ უნივერსიტეტის ექიმს, ნინო წიკლაურს პროტესტის ორმა მონაწილე სტუდენტმა მიმართა, რომლებიც იქ ღამეს ათენებდნენ და აღმოჩნდა, რომ ისინი დაკბენილი იყვნენ პარაზიტების მიერ.
„ეს არის ძალიან საგანგაშო რამ, რაზეც შემდეგ დაიდო დასკვნა. ერთ-ერთი მთლიანად წავიდა და დატოვა სწორედ ამის გამო. პროტესტის არასწორ ფორმას რატომ ვამბობ, იცით? ეს არ არის ადაპტირებული გარემო ღამის თევისთვის. რაც არ უნდა იძახო, რომ იქ საკმარისი გათბობა არ იყო, კომფორტი არ იყო და ა.შ., ვერც იქნება. აქ, სტუდიაში კომფორტს ხომ ვერ შევქმნით. ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა, ხელოვნურად დაძაბული, თითქოს ვიღაც ჩაგრავდა მათ. მსგავსი რამ არავის თავში აზრად არ მოსვლია, არანაირად“, – განაცხადა გიორგი შალუტაშვილმა.