გიორგი სახოკია - MICS-ის კვლევის შედეგები საქართველოს მთავრობას დაეხმარება კონკრეტულ დადგენილ მონაცემებზე დაყრდნობით დაგეგმოს შემდეგი ნაბიჯები
გიორგი სახოკია - MICS-ის კვლევის შედეგები საქართველოს მთავრობას დაეხმარება კონკრეტულ დადგენილ მონაცემებზე დაყრდნობით დაგეგმოს შემდეგი ნაბიჯები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, გაერო-ს ბავშვთა ფონდმა საქართველოში და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, 2018-2019 წლებში ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) შედეგები მედიას წარუდგინეს.

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა „მიქსი საქართველო 2018“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გლობალური მიქსის პროგრამის ფარგლებში, გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობით 2018 წელს ჩაატარა. ტყვიის და წყლის შემოწმების კომპონენტს, რომელიც მთავრობის ინიციატივით კვლევას საქართველოსთვის საგამონაკლისო წესით დაემატა, საქსტატთან და გაერო-ს ბავშვთა ფონდთან ერთად უძღვებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის გიორგი სახოკია თქმით, მთავრობის ინიციატივით კვლევას საქართველოსთვის საგამონაკლისო წესით კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტები დაემატა.

„კვლევის განხორციელების ყველა ეტაპზე საქართველოს მთავრობის პოზიცია და მზაობა ნათელი იყო უმნიშვნელოვანესი მონაცემების მოპოვებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ისეთ მიმართულებებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, წინასწარი ინფორმაციით, სახარბიელო მაჩვენებლებით არ გამოირჩეოდა. შესაბამისად, მთავრობის ინიციატივით კვლევას საქართველოსთვის საგამონაკლისო წესით დაემატა კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტები: სისხლში ტყვიის შემცველობა და სასმელი წყლის ხარისხის გაზომვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობას, შესაბამის უწყებებს, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვთ აქტიური მუშაობა ამ კუთხით არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, კვლევის შედეგები დაეხმარება კონკრეტულ დადგენილ მონაცემებზე დაყრდნობით დაგეგმოს შემდეგი ნაბიჯები,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გიორგი სახოკიამ.

როგორც გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა განაცხადა, შედეგები აჩვენებს ბავშვების მდგომარეობის გამოსწორების მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან ხანგრძლივი პარტნიორობის შედეგად წარმატებით დაასრულა MICS-ი – ეროვნულ დონეზე წარმომადგენლობითი კვლევა, რომელმაც წარმოადგინა ინფორმაცია ბავშვების კეთილდღეობის შესახებ ქვეყნის და რეგიონების მიხედვით. შედეგები აჩვენებს ბავშვების მდგომარეობის გამოსწორების მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს, თუმცა ასევე ცხადყოფს მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომლებზეც აუცილებელია რეაგირება“, – განაცხადა გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა.

საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ მადლობა გადაუხადა გაერო-ს ბავშვთა ფონდს MICS-ის და სხვა აქტივობების მხარდაჭერისთვის და მიულოცა კვლევის განმახორციელებელ გუნდს სამუშაოების წარმატებით დასრულება.

მისი თქმით, აღნიშნული კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში ოჯახების, ქალებისა და ბავშვების მდგომარეობის შესახებ დეტალური მონაცემების შეგროვება.

„შესაბამისად, კვლევის შედეგად შეგროვდა ხარისხიანი და საერთაშორისო დონეზე შესადარისი მონაცემები სხვადასხვა ჭრილში, რაც მეტად მნიშვნელოვანია მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შესამუშავებლად“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

MICS განხორციელდა 11 სხვადასხვა დონორის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, მათ შორისაა – შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO), გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ბანკი, იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

კვლევა დაეხმარება საქართველოს მთავრობას არსებული პრობლემების დასაძლევად მონაცემებზე დაყრდნობით შეიმუშავოს კონკრეტული სამუშაო გეგმა, რომლის რეალიზაციაც მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას შეუწყობს ხელს.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.