გიორგი რურუას სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს
გიორგი რურუას სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას საქმის განხილვა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა.

დღევანდელ სხდომაზე ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველს“ მიერ სასამართლოს მეგობრის სტატუსით გაკეთებული მოსაზრებას ზეპირად მოისმინეს. ადვოკატის განცხადებით, ორგანიზაციის მოსაზრებაში საუბარია გამოძიებაში არსებულ დარღვევებზე, რაც გიორგი რურუას უდანაშაულობას ადასტურებს.

„საერთაშორისო საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ძალიან არგუმენტირებულად და კვალიფიციურად იყო ახსნილი, თუ რატომ უნდა იქნეს დაუშვებელ მტკიცებულებად ჩხრეკის ოქმი, ამოღებული იარაღი, მაყუჩი და ნებისმიერი დოკუმენტი, რაც ამ საგამოძიებო მოქმედების შედეგად არის მოპოვებული. ასევე ისაუბრა დნმ-სთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, სასამართლოს მისცა რჩევა, რომ ორივე ფაქტთან უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი“, – განაცხადა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლშვილმა.

ბრალდების მხარე მოწმის მიერ წარმოდგენილ გარემოებას არ ეთანხმება.

„ერთ-ერთი გარემოება იყო რომ ეჭვქვეშ დააყენა გიორგი რურუას პირადი ჩხრეკა, ამის მიზეზი იყო, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ჩხრეკის ოქმი არ იყო შეტანილი პირადი ჩხრეკის ოქმში. ასევე მან ეჭვქვეშ დააყენა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს გარემოებას, რომ გიორგი რურუას დნმ დაემთხვა რურუას იარაღიდან ამოღებულ დნმ-ს. ამის საფუძველი გიორგი რურუას განცხადებები იყო. დასკვნაში მითითებული გარემოება არის პირადი მოსაზრება, სუბიექტური მოსაზრება და ცხადია, ობიექტურ მოსაზრებას ვერ ასახავს“, – განაცხადა საქმის პროკურორმა, ვასილ სამხარაძემ.

გამოძიება გიორგი რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი