გიორგი რურუას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება
გიორგი რურუას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას საქმის განხილვა დასრულდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. მოსამართლე გიორგი რურუას საქმეზე განაჩენს ხვალ, 11:00 საათზე გამოაცხადებს.

სასამარლთოს საბოლოო სიტყვით მიმართა ბრალდებულმა გიორგი რურუამ. როგორც რურუამ აღნიშნა, მის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა.

„მეც და ნებისმიერი სხვა მოქალაქე, ვინც ოლიგარქიის წინააღმდეგ გამოვდივართ, ვართ პოლიტიკური პატიმრები. ჩემი წინასწარ დამნაშავედ გამოცხადება, რომელიც ოლიგარქიული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებიდან ვრცელდება, არღვევს კონსტიტუციას. ზუსტად ეს არის პოლიტიკური დევნა ოლიგარქიის მხრიდან. თუ რატომ მოვხვდი მიზანში, ეს არის დამოუკიდებელი ტელევიზიის, „მთავარი არხის“ აქციების შეძენა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის მხარდაჭერა, ასევე მკვეთრად გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება დღევანდელი მთავრობის მიმართ. დღევანდელი მთავრობის პოლიტიკაა ჩვენი საერთაშორისო მეგობრების გაცურების, მოტყუების პოლიტიკა“, – განაცხადა გიორგი რურუამ.

ამის შემდეგ მოსამართლემ გიორგი რურუას საქმის ირგვლივ საუბრისკენ მოუწოდა. რურუამ საბოლოო სიტყვისას აღნიშნა, რომ მას არ მისცემია პროცესზე სასამართლო მტკიცებულებების წარდგენის უფლება.

„მინდა, ჩვენს მეგობარ ელჩებს 8 მარტის ისტორიული დოკუმენტისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს. მინდა შევეხო სასამართლო პროცესს, რომელიც ცინიკური ფარსია. მე არ მქონდა სასამართლოში მტკიცებულებების წარმოდგენის უფლება, რაც ჩემს უდანაშაულობას დაამტკიცებდა. არ მქონდა ადვოკატის დასწრების უფლება ჩხრეკის დროსაც კი, რაც რეალურად არ ჩატარებულა. ოლიგარქიულმა სასამართლომ არაფრად ჩააგდო დემოკრატიულ ქვეყნებში აღიარებული პრეცედენტები სამართალწარმოებაში. ყველა სამართლებრივი პროცედურა უხეშად არის დარღვეული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თავს დამნაშავედ არ ვცნობ და ყველა ბრალდება ჩემს წინააღმდეგ აფსურდულია. მინდა მივმართო ჩემს ახალგაზრდა თანამებრძოლებს და ჩვენი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეებს. წელს, ოქტომბერში გაიმართება საქართველო-რუსეთის გადამწყვეტი ბრძოლა, ჩვენ უნდა დავამარცხოთ რუსული ოლიგარქია. ეს ოლიგარქია არის დამარცხებული. ამ ბრძოლაში უნდა შევიდეთ გამარჯვებისთვის. საქმეს ბოლომდე მიყვანა უნდა, არ არის მარტივი, თუმცა შესაძლებელია. თქვენ კი სასამართლო რომელსაც წინასწარ გამოტანილი ვერდიქტის დამტკიცება გევალებათ, მე სათქმელი არაფერი მაქვს“, – განაცხადა გიორგი რურუამ პროცესზე.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.