გიორგი რურუას საქმეზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გამოკითხეს
გიორგი რურუას საქმეზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გამოკითხეს

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული გიორგი რურუას ბრალდების საქმის განხილვა დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდა. დღეს გამოიკითხნენ „ევროპული საქართველოდან“ გიგი უგულავა, ელენე ხოშტარია, გოკა გაბაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ წიკლაური და „გირჩიდან“ ზურაბ ჯაფარიძე.

სასამართლო სხდომაზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ 2019 წლის ნოემბრის აქციებში, კატეგორიულად გამორიცხეს, რომ გიორგი რურუას აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღი ექნებოდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ იარაღი გიორგი რურუას ჩაუდეს. ასევე, მათი განცხადებით, აქციაზე, ტერიტორიაზე გამორიცხულია, რომ რურუას იარაღი ჰქონოდა, რადგან ადგილზე ათეულობით სამართალდამცველი იმყოფებოდა.

ბრალდების მხარის განცხადებით, დღეს დაკითხული მოწმეები უშუალოდ საგამოძიებო პროცესში არ მონაწილეობდნენ და მათი ჩვენებები შემხებლობაში არ არის სისხლის სამართლის საქმესთან.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.