გიორგი რურუას საქმეზე მოწმის სახით ორი პოლიციელი დაიკითხა
გიორგი რურუას საქმეზე მოწმის სახით ორი პოლიციელი დაიკითხა

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. მოწმეები პოლიციელები იყვნენ, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებებში მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის, ერთ-ერთი მოწმე ის პოლიციელია, რომელმაც შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

დაცვის მხარის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე დაკითხული ერთი მოწმე იტყუება, როდესაც ამბობს, რომ სავარაუდო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

„მნიშვნელოვანი იყო პატაკის ავტორის დაკითხვა, რომლის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება და ამ საქმის გაყალბება. მნიშვნელოვანი იყო, რომ მან არ დაასახელა ვისგან მიიღო ინფორმაცია, გარდა ამისა მისი ჩვენება იყო ურთიერთსაწინააღმდეგო, არადამაჯერებელი, რაც ხაზს უსვამს, რომ იტყუება ეს პირი. არანაირი კონფიდენტი არ არსებობს, ინფორმაცია და დავალების გამცემი არის თავად შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელი პირი, რომელმაც დაავალა, რომ დაეწერა ასეთი შინაარსის პატაკი, ვითომ ვიღაცამ მიაწოდა რაიმე სახის ინფორმაცია. ამას ადასტურებს ის აცდენა, რაც მისი გამოკითხვის ოქმსა და დაკითხვის დროს მოხდა. როცა ადამიანი იტყუები, შეუძლებელია, ორ დღეს ერთი და იგივე საკითხზე ზუსტად იდენტური პოზიცია დააფიქსირო“, – განაცხადა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა

ბრალდების მხარის თქმით, მოწმეს კანონმდებლობით ინფორმატორის დასახელების ვალდებულება არ ჰქონდა.

„მოწმემ განმარტა ის გარემოებები, თუ რა ვითარებაში მიიღო ინფორმაცია, წერილობით მოახსენა ხელმძღვანელს მოცემულთან დაკავშირებით პატაკის სახით. მისი ჩვენება იყო თანმიმდევრული. მოწმემ განმარტა, რომ ის ყველა დეტალს ასახელებს, რაც მიიღო, თუმცა პირის იდენტიფიცირება კანონმდებლობის მიხედვით არის დაუშვებელი“, – განაცხადა პროკურორმა ვასილ სამხარაძემ.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.