გიორგი რურუას საქმეზე დაცვის მხარის ხუთი მოწმე დაიკითხა
გიორგი რურუას საქმეზე დაცვის მხარის ხუთი მოწმე დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ ის პოლიციელები დაკითხა, რომლებმაც საპატიმროში გიორგი რურუასგან დნმ და პირადი ნივთები ამოიღეს. ასევე გამოიკვლიეს ჩხრეკის ოქმი.

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, გიორგი რურუას საქმეზე დაკითხულმა პოლიციელთა ნაწილმა სასამართლოზე დაადასტურა, რომ კანონდარღვევით ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედება.

„პოლიციელთა დიდი ნაწილი აბსოლუტურად თითქმის ყველა კითხვაზე სცემს პასუხს, რომ ზუსტად არ ახსოვს. ცხადია, ამით ისინი ცდილობენ, რომ სასამართლოს არ მიაწოდონ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რეალურად რა მოხდა. დღეს დაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეები დაიკითხა. პირები, რომლებმაც გიორგი რურუასგან იძულებით მისი ნივთები ამოიღეს. თუმცა, დოკუმენტები, რომლებიც ამ საგამოძიებო მოქმედებებს ასახავდა გაყალბდა. ამის დამადასტურებელ ოქმები და ვიდეო მასალებიც არსებობს. შესაბამისად, ჩვენ წარვუდგინეთ ეს ყველაფერი სასამართლოს. მაგალითად, ერთმა პოლიციელმა პირდაპირ განაცხადა, რომ კანონი ავალდებულებდა ადგილზე შედგენილიყო ოქმი. თუმცა კითხვაზე, ეს ასე რატომ არ შედგა, ან ხელმოწერით რატომ დაადასტურა, პასუხი ვერ მივიღეთ. ანუ პოლიციელთა ნაწილმა დაადასტურა, რომ მათ კანონდარღვევით ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები. ეს ნაწილი ბრალდებამ მოხსნა საკუთარი მოწმეთა ნუსხის სიიდან. ასე გააყალბეს დოკუმენტები 18 ნოემბერს, როდესაც ჩხრეკა არ ჩაატარეს. უბრალოდ, სადღაც პოლიციის შენობაში გამომძიებელმა ყალბი ჩხრეკის ოქმი შეადგინა და დააფიქსირა, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა. სამწუხაროდ, არ ვართ ორიენტირებული იმაზე, თუ რას გაითვალისწინებს მოსამართლე და რას არა, რადგან ის მიუკერძოებელი არბიტრი არ არის. ის ხელმძღვანელობს მასზე გაცემული მითითებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ დაცვის მხარემ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დემონსტრირება მოვახდინოთ გიორგი რურუას მიმართ ჩადენილ დანაშაულზე“, – განაცხადა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ბრალდების მხარის განმარტებით, გარკვეული დეტალები სასამართლოს შესაფასებელია, თუმცა უშუალოდ დნმ-ის აღება მოხდა კანონის სრული დაცვით.

„დღეს დაიკითხა დაცვის მხარის ხუთი მოწმე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ერთ-ერთ საგამოძიებო მოქმედებაში, რომელიც ჩატარდა მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში და სადაც მოხდა გიორგი რურუას ნივთების ამოღება. აქ მნიშვნელოვანია, რატომ ჩატარდა ეს საგამოძიებო მოქმედება, რა უძღოდა წინ გამოძიების ეტაპზე. თავდაპირველ ეტაპზე მოპოვებული იქნა პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, რომელზეც აღმოჩნდა დნმ-ის კვალი, თუმცა ვინაობა არ იყო დადგენილი. შესაბამისად, საგამოძიებო ორგანომ მიმართა სასამართლოს და აღებული იქნა განჩინება, რომ დნმ-ის ნიმუში მოპოვებულიყო გიორგი რურუასთან. მან უარი განაცხადა აღნიშნულ მოქმედებაზე და შემდეგში სასამართლოს მივმართეთ, რომ მისი პირადი ნივთები მოპოვებულიყო. ამ საგამოძიებო მოქმედებიდან მალევე გიორგი რურუამ ნებაყოფლობით მოგვცა ნერწყვის ნიმუში და გამოძიებამ აღარ ჩათვალა, რომ სამ იანვარს ამოღებული ნივთები, მასზე ჩატარებული ექსპერტიზები წარმოედგინა სასამართლოში. მოცემული გარემოება უნდა შეაფასოს მოსამართლემ, რამდენად არსებითი დარღვევა იყო ეს გარემოება. ბრალდების მხარე არ თვლის, რომ რამე არსებითი დარღვევა იყო“, – განაცხადა პროკურორმა, ვასილ სამხარაძემ.