გიორგი რურუას საქმეზე ბრალდების ერთი მოწმე დაიკითხა, ასევე გამოიკვლიეს ნივთიერი მტკიცებულებები
გიორგი რურუას საქმეზე ბრალდების ერთი მოწმე დაიკითხა, ასევე გამოიკვლიეს ნივთიერი მტკიცებულებები

თბილისის საქალაქო სასამართლოში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას საქმეზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა.

სასამართლოში დაკითხული მოწმე კახა მურადაშვილი იმ დროს პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო, რომელმაც გიორგი რურუას მიმართ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. კახა მურადაშვილის თქმით, საგამოძიებო მოქმედებებში ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ რურუას ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. დღევანდელ სხდომაზე ასევე ნივთიერი მტკიცებულებები გამოიკვლიეს, კონკრეტულად კი, გიორგი რურუას კუთვნილი ავტომობილი.

„დაიკითხა კახა მურადაშვილი, რომელიც იყო იმ სამმართველოს უფროსი, რომელმაც ჩაატარა გიორგი რურუას დაკავების ოპერაცია, რომელმაც ჩაუდო ცეცხლსასროლი იარაღი. ჩვენ განვაცხადეთ, რომ გიორგი რურუასგან უკანონოდ მოხდა დნმ-ის ნიმუშის აღება და ვკითხეთ კახა მურადაშვილს, რა გააკეთა ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად. აღმოჩნდა, რომ ეს ინფორმაცია მან მიიჩნია სულელურად. ერთადერთი, რაც გააკეთა, თავად იმ პირებს, რომლებმაც უკანონოდ აუღეს დნმ გიორგი რურუას და ჩაუდეს იარაღი, მათ შეეკითხა და აღარ ჩათვალა საჭიროდ სხვადასხვა საგამოძიები მოქმედებების განხორციელება. მას შემდეგ კახა მურადაშვილი დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ დაუფასა პოლიტიკური დაკვეთის შესრულება. როგორც უკვე აღვნიშნე, თითის ანაბეჭდებზე დაიკითხა ექსპერტი, რომელიც არის სპეციალისტი ამ დარგის და მან თქვა, რომ თუ მჭიდრო კონტაქტი იყო და ზედაპირი გლუვი იყო, თითის ანაბეჭდები გადადის. ვინაიდან ცეცხლსასროლი იარაღი იყო გადატენვის მდგომარეობაში, ეს მოითხოვს ხელის მჭიდრო შეხებას ლულის საფართან, რომელიც არის გლუვი. ანუ არანაირი წინააღმდეგობა ანაბეჭდების გადასვლას არ ექნებოდა. იგივე ითქმის მეტალიზაციის დასკვნაზე. რაც შეეხება დნმ-ის ექსპერტიზას, პირველივე დღეს ვთქვით, რომ გიორგი რურუა რომ დააკავეს, აუღეს დნმ, რადგან დაეტანათ აღებული ანაბეჭდი იარაღზე. შემდეგ ეს იარაღი გამოეყენებინათ დასამტკიცებლად, თითქოს და გიორგი რურუას ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. ცეცხლსასროლი იარაღი გიორგი რურუასთვის პირდაპირ არ ჩაუდიათ და არ ამოუღიათ, უბრალოდ დოკუმენტურად გაუფორმეს. რაც შეეხება ე.წ მაყუჩს, ის ჩადეს პოლიციელებმა. ეს დადასტურდა იმით, რომ ვაკის სასაფლაოდან დიღმის პოლიციამდე პოლიციელებმა წამოიყვანეს მანქანა, მათ ჰქონდათ მფლობელობა ამ ავტომანქანაზე. უბრალოდ ნივთიერი მტკიცებულება, რომ არის მანქანა ამიტომ მოხდა მისი დათვალიერება. ეს ავტომობილი ნივთიერ მტკიცებულებად რატომ არის საკითხავია. ჩატარდა ჩხრეკა, ამოღებული იქნა მანქანიდან ჩადებული მაყუჩი და შესაბამისად, არანაირი მნიშვნელობა აღარ გააჩნია საქმეში“, – განაცხადა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.

„სხვა პირის სამსახურეობრივი დაწინაურება, თუ დაქვეითებასთან დაკავშირებით, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე პროცესუალური წარმომადგენელი, სახელმწიფო ბრალმდებელი ვარ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე. დღეს დაკითხული იქნა ერთ-ერთი მოწმე კახაბერ მურადაშვილი, ასევე გამოკვლეული იქნა ის ავტომანქანა, სადაც იმყოფებოდა ბატონი გიორგი რურუა, როცა მასთან ჩატარდა პირველადი საგამოძიებო მოქმედება. მოწმემ ახსნა, თუ რა გარემოებებში მიმდინარეობდა ესა თუ ის საგამოძიებო მოქმედება. უშუალო შემსწრე და მონაწილე კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების არ იყო, ის იყო ხელმძღვანელი პირი, ვისაც მოცემულ საგამოძიებო მოქმედებებთან ინფორმაცია გააჩნდა. იმ ფაქტებს, როგორ და საიდან მოხდა ამოღება, ამ განმარტებებს ვერ მივიღებდით, ვინაიდან ამ ფაქტის მონაწილე პირი არ არის.
რაც შეეხება ავტომობილს, დათვალიერებული იქნა სასამართლოს ეზოში, სადაც ნანახი იქნა ის ადგილი, საიდანაც ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ე.წ. მაყუჩი და ავტომობილის უკანა მარჯვენა სავარძლის ქვეშ ნამდვილად არის ის სივრცე, სადაც მოთავსდებოდა მოცემული მაყუჩი. ერთადერთ საპროცესო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა, ეს იყო ნერწყვის ნიმუშის აღება, რურუამ ნერწყვის ნიმუში ნებაყოფლობით მისცა“, – განაცხადა საქმის პროკურორმა, ვასილ სამხარაძემ.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.