გიორგი რურუამ სასამართლოს ჩვენება მისცა
გიორგი რურუამ სასამართლოს ჩვენება მისცა

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაკავებულმა გიორგი რურუამ სასამართლოს ჩვენება მისცა, რითაც დაცვის მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.

გიორგი რურუამ საკუთარ ჩვენებაში განაცხადა, რომ დაკავებისას ჩხრეკა არ მომხდარა და მას იარაღი ჩაუდეს, ხოლო შემდეგ მისი ნების საწინააღმდეგოდ დეენემი აიღეს.

გიორგი რურუამ გაიხსენა, თუ რა მიზნით იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე. რურუას თქმით, მისთვის შეურაცხმყოფელი იყო გავრილოვის ხილვა პრეზიდენტის სასახლეში, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.

რურუას განცხადებით, საპროტესტო აქციების დროს, ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა და მოითხოვდნენ პროპორციულ არჩევნებს, შს მინისტრის გადადგომასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

რურუას თქმით, მისი აქტიურობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

„14 ნოემბერს, როდესაც კენჭისყრაზე ჩააგდეს ინიციატივა, შემდეგ დაიწყო პარლამენტის პიკეტირება. 17-ში დავრჩი პარლამენტის წინ, ჩემთან ერთად იმყოფებოდნენ ჩემი მეგობრები, ჩემი დაცვის წევრები. ოთხ საათზე იყო სხდომა დანიშნული. ჩემს თანხმლებ პირებთან ერთად სახლში წავედი, რომ მოვწესრიგებულიყავი. სადღაც 12 საათს გადაცილებული იყო. ჭიჭინაძის ქუჩაზე მანქანაში ჩავსხედით და წავედი სახლში ბაგების მიმართულებით. გზაში ვერაფერი შევამჩნიე, დაღლილი ვიყავი და ვთვლემდი. ვაკის სასაფლაოს მიმდებარედ გაგვაჩერა პატრულმა, მძღოლს მოსთხოვა საბუთი და სთხოვა გადმოსვლა. მძღოლი რომ გადავიდა, იღება ჩემი კარი – გადმოდით მანქანიდან პოლიციიდან ვართო.

წინ გაჩერდა „მაზდას“ მარკის ავტომანქანა. ამათ პოლიციის ამოსაცნობი ნიშანი არ ჰქონდათ და წამიყვანეს მანქანისკენ. მე ვუთხარი, საბუთი მანახეთ, თუ პოლიციელები ხართ-მეთქი. პირდაპირ ჩამსვეს მანქანაში, ბექა მახარაძე ჩაჯდა და ლევან ადეიშვილი. ვეკითხები, რაზე დამაკავეთ-მეთქი და მითხრეს, ჩვენ არ ვიცითო, მივალთ პოლიციაში და გავარკვევთო. ვუთხარი, ადვოკატთან დამარეკინეთ-მეთქი. ამის შესაძლებლობა არ მომეცა.

როდესაც პოლიციის სამმართველოსთან მივედით, მოვიდა მაღალი ბიჭი, ვინც წინასწარი დაკავების საკანში ჩამიყვანა. გადამიყვანეს და სამოქალაქო შესასვლელიდან შემიყვანეს პოლიციაში. ამ დროს მე გაჩხრეკილი არ ვარ. ავედით ლიფტით მეშვიდე სართულზე. ოთახში შევედით მე, მახარაძე და ადეიშვილი, იქ ორ ქალბატონს უთხრეს, რომ გასულიყვნენ.

ამ დროს შემოვიდა გამომძიებელი ბეროშვილი და დაიწყო ბეჭდვა. შემდეგ მახარაძე და ადეიშვილი გავიდნენ და სხვა პოლიციელი შემოვიდა. ვეკითხებოდი ბეროშვილს, რაზე ვარ დაკავებული. პოლიციელი ხვდებოდა რაშიც იყო საქმე და შერცხვენილი ვერც მპასუხობდა. ხელბორკილი არ მეკეთა და დივანზე ვიჯექი. შემოდის ჩემთვის უცნობი ადამიანი და მთხოვა, გავსულიყავით გვერდზე ოთახში.

ეს ოთახი არის გივი მაისურაძის. იქ დამხვდა სამი უცნობი ადამიანი. მაგიდის თავში იჯდა გიორგი მაისურაძე, როგორც მე ვიცი. ამ სამ პირს ვკითხე, რატომ დამაკავეთ-მეთქი. გივიმ მითხრა, რომ ხომ იცი, შენ პესეემი გქონდაო. მე ვუთხარი, როგორ მქონდა-თქო, მივხვდი რომ იარაღი ჩამიდეს. მითხრეს, დნმ უნდა ავიღოთო, ვუთხარი, ადვოკატს დამალაპარაკეთ-მეთქი, ამის შესაძლებლობა არ მომცეს…

ცოტა ხნის შემდეგ დაიწყო ჩემი ჩხრეკა, ამოვიღე საფულე, საკრედიტო ბარათები, ფასდაკლების ბარათები, პარალონი, მობილური, გასაღები. კიდევ ვუთხარი, დამაკავშირეთ ადვოკატთან-მეთქი. ჩამიყვანეს წინასწარი დაკავების საკანში. მოვიდნენ ადვოკატები, მათ ვუთხარი ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ამიღეს დეენემი-თქო.

ჩვენ გამომძიებელს ვუთხარით რომ დაეწყოთ გამოძიება. პარალონი ჯიბეში მედო და მანქანაში როგორ უნდა აღმოჩენილიყო. ეს ნიშნავს, რომ მანქანაში ჩხრეკა არ ჩატარებულა. პარალონი აქარწყლებს ამ ჩხრეკას. დეენემი უნდა დაეტანათ ირაღაზე, მაგრამ მე მგონია, პირდაპირ ის ჩხირი გაგზავნეს ექსპერტიზაზე.

სასამართლო დადგენილება მოვიდა და მოვიდა პოლიცია. მთხოვეს დეენემის ჩაბარება. მე ვუთხარი, რომ დეენემის უკანონოდ აღებაზე თუ დაიწყებთ გამოძიებას, კი-თქო. მაშინ ის მაინც ქენითო, რომ ფორმალურად წინააღმდეგობას გვიწევთო. კი, ბატონო-მეთქი. იქ არანაირ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია, ეს ფორმალობა იყო“, – აცხადებს რურუა.

ამასთან, ჩვენებაში რურუამ განმარტა, რომ მისი პირადი ნივთები ადვოკატის თანდასწრების გარეშე ამოიღეს.

გარდა ამისა, რურუამ გაიხსენა, რომ სწორედ ამ პერიოდში იყო „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება და დამოუკიდებელი ჟურნალისტების დახმარებას მოვალეობად მიიჩნევს.

„ხელისუფლებამ „რუსთავი 2“ ჩაახშო და თავისუფალი მედია მოგუდა. ამ დროს დაიწყო აქციები. ნიკა ჩემი მეგობარია, ვნახე აქციაზე და ვუთხარი, რამე შეექმნათ და ჩვენც დავეხმარებოდით, რითაც შეგვეძლო. მე და სოფომ გადავწყვიტეთ, რომ ხუთი პროცენტი შეგვეძინა, ნახევარი გავაფორმეთ ჩემს ძმისშვილზე, ნახევარი ჩემზე.
ნიკა რომ მოვიდა ჩემთან სახლში, მითხრა, ესე და ესე ვფიქრობო. მე ვუთხარი, მზად ვარ, შემოვიდე ამ ბრძოლაში-მეთქი.

ვფიქრობდი და ვფიქრობ, რომ ჩვენი დამოუკიდებელი ჟურნალისტები არიან ავანგარდში და ამ ადამიანების დახმარებას მოვალეობად ვთვლი. როდესაც დაკეტეს „რუსთავი 2“, როცა წყალს გადაკეტავ, სხვაგან ამოხეთქავს“, –  განაცხადა რურუამ თავის ჩვენებაში.

გიორგი რურუას დაკითხვით პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზე გადადის, რადგან დაცვის მხარემ დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა.

დატოვე კომენტარი