გიორგი რურუამ მოსამართლეს მიმართა - როგორც თქვენ არ გინახავთ ის იარაღი თვალით, ისე მე არ მინახავს
გიორგი რურუამ მოსამართლეს მიმართა - როგორც თქვენ არ გინახავთ ის იარაღი თვალით, ისე მე არ მინახავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ.

გიორგი რურუამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი, რასაც გამოძიება ედავება, მას არ ქონია. მისივე განცხადებით, დნმ-ის სინჯის აღება მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა.

„როგორც თქვენ არ გინახავთ ის იარაღი თვალით, ისე მე არ მინახავს. სამმართველოში მისულს განმიცხადეს, რომ იარაღი თქვენგან ამოვიღეთო. არ მომცეს ადვოკატთან დარეკვის უფლება, ჩემი ნების წინააღმდეგ ჩამიტარეს ჩხრეკა და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ პოლიციამ ამიღო კისრის არიდან დნმ-ის სინჯი“, – განაცხადა ბრალდებულმა გიორგი რურუამ.

პროკურორმა განაცხადა, რომ დნმ-ის მის წინააღმდეგ აღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

„რაც შეეხება მისი ნების წინააღმდეგ ჩხრეკას, არსებობს გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ ჩხრეკა, ხოლო ოჯახს  ეცნობა დაკავების შესახებ“, – განაცხადა პროკურორმა, ვასილ სამხარაძემ.

ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად გიორგი რურუას მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ის ხელს შეუშლის გამოძიებას და ახალი მტკიცებულებების მოძიებას. ასევე, პროკურორის განცხადებით, იარაღი იყო საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი.

ბრალდებულის მიმართ მკაცრი სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას პროკურორმა კიდევ ერთ არგუმენტად დაასახელა ის, რომ მას აქვს საზღვარგარეთ კონტაქტები. მისივე განცხადებით, მას აქვს 48 ცეცხლსასროლი იარაღი კანონით რეგისტრირებული.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.