გიორგი რურუა - მინდა, მადლობა ვუთხრა ოპოზიციას, მე მათი მჯერა
გიორგი რურუა - მინდა, მადლობა ვუთხრა ოპოზიციას, მე მათი მჯერა

გიორგი რურუას განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წელიწადნახევრის განმავლობაში ტყუილი ბრალდებით იმყოფებოდა.

მისივე თქმით, შეთანხმების პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა და კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანია, ნიკა მელიაც მალე გათავისუფლდეს.

ამასთან, გიორგი რურუა ამბობს, რომ სჯერა იმის, რასაც ოპოზიცია აკეთებს.

„პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა. კრიზისის დასაძლევად, მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს მეორე ნახევარიც და ნიკა მელია სასწრაფოდ გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან. წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე აქ, რატომ, არ ვიცი, ტყუილი ბრალდებით, ეს დამტკიცდა და მე მგონი, ყველასთვის ნათელია. ახლა ნიშნის მოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ, ვიმუშაოთ, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. მინდა, მადლობა ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს, მე მათი მჯერა, მწამს, ხელი უნდა შევუწყოთ“, – განაცხადა გიორგი რურუამ.

გარდა ამისა, გიორგი რურუას განმარტებით, აქტიურ მოქალაქედ რჩება.

„არ ველოდი შესრულებას, ეს გასაგებია, რატომაც, იმიტომ, რომ 20 ივნისის შემდეგ ძალიან ბევრჯერ მოუხდათ ტყუილის თქმა, სიტყვა გატეხეს. მემგონი, ნორმალურია, თქვენც არ ენდობით იმ ადამიანს, ვინც რამდენჯერმე სიტყვას გატეხს. მე ვარ აქტიური მოქალაქე, დავრჩები აქტიურ მოქალაქედ, თქვენი უფლებებიც დავიცვათ, ჩვენი უფლებებიც, პოლიტიკა მარტო პოლიტიკოსების საქმე არ არის, ჩვენი საქმეა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ პოლიტიკოსებს, როგორც სამოქალაქო ორგანიზაციებიდან, ასევე სხვადასხვა პლატფორმიდან“, – აღნიშნა გიორგი რურუამ გათავისუფლების შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს დღეს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარლამენტში მისვლის შემდეგ მოაწერა ხელი.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება გიორგი რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სასამართლომ გიორგი რურუა სსკ-ის 381-ე მუხლითაც გაამტყუნა, რაც ძალაში შესული განაჩენის ხელის შეშლას გულისხმობს.