გიორგი რუხაძე - თუ ევროსასამართლომ რუსეთი კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა, მნიშვნელოვანია, საქართველომ ეს დეოკუპაციის ხელშესაწყობად გამოიყენოს
გიორგი რუხაძე - თუ ევროსასამართლომ რუსეთი კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა, მნიშვნელოვანია, საქართველომ ეს დეოკუპაციის ხელშესაწყობად გამოიყენოს

ტყუილის ბოლომდე მტკიცება რუსული პოლიტიკის სტილია, მაგრამ თუ ევროპულმა სასამართლომ რუსეთი კონვენციის კონკრეტული მუხლების დარღვევაში დაადანაშაულა, მნიშვნელოვანია, საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმა ეს დეოკუპაციის პროცესის ხელშესაწყობად გამოიყენოს, – განაცხადა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, გიორგი რუხაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

ამ განცხადებით გიორგი რუხაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა ტიპის მანიპულაციებს შეიძლება მიმართოს რუსეთმა, რათა სტრასბურგის სასამართლომ საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილება არ მიიღოს.

მისი თქმით, ოკუპაცია, როგორც ტერმინი, ამერიკულ დოკუმენტებში არის, მაგრამ ევროპულ დოკუმენტებში ჯერჯერობით არ ჩანს და მართალია, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთზე პირდაპირ არ იმოქმედებს, მაგრამ თუ დოკუმენტი იარსებებს, ეს ოკუპაციის დადასტურება იქნება, რადგან ოკუპაცია სხვა არაფერია, თუ არა ეფექტური კონტროლი.

„ეს იქნება დოკუმენტი, რომლის საშუალებითაც ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიები ევროკავშირის ქვეყნების დოკუმენტებშიც გაჩნდება“, – განაცხადა რუხაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა სარგებელს მიიღებს ამით ქართული მხარე, გიორგი რუხაძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიღწევა და კონკრეტულ შედეგამდე მისასვლელად ბაზისი გვჭირდება.

„თუ იარაღს ვისხამთ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ რადგან იარაღს არ ვისხამთ, ეს ერთადერთი გზაა, რის საშუალებითაც წინ მივდივართ. ანუ, რუსეთის წინააღმდეგ წრეს ვავიწროებთ, ამაში მოკავშირეებს ვრთავთ და მათ დოკუმენტს ვაძლევთ, რისი საშუალებითაც შეუძლიათ, რუსეთს უფრო თამამად შეუტიონ. რუსეთის გარშემო წრე ვიწროვდება და საქართველოს მოკავშირეებისთვის ეს დამატებითი არგუმენტი იქნება, რუსეთს თუნდაც დამატებითი სანქციები დაუწესონ“, – განაცხადა რუხაძემ.

როგორც გიორგი რუხაძემ აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 23 მაისს არ გამოცხადდება, მაგრამ წლის ბოლომდე ყველა შემთხვევაში იქნება.