გიორგი რუხაძე - ხუმრობით რომ ვთქვათ, დანიელსონმა თქვა, ძნელად აღსაზრდელი ბავშვები არიანო
გიორგი რუხაძე - ხუმრობით რომ ვთქვათ, დანიელსონმა თქვა, ძნელად აღსაზრდელი ბავშვები არიანო

ხუმრობით რომ ვთქვათ, დანიელსონმა თქვა, ძნელად აღსაზრდელი ბავშვები არიანო, – ასე უპასუხა „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, გიორგი რუხაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რა აჩვენა იმ ერთმა კვირამ, რაც მოლაპარაკებების პროცესში კრისტიან დანიელსონი ჩაერთო.

„აქედან ასე ადვილად არ გამოდის არაფერიო, თქვა, მაგრამ მეორე მხრივ, რაკი ამდენ ხანს დარჩა, ჩემი ვარაუდით, შეთანხმების შანსი არსებობს, თორემ სხვა შემთხვევაში, ალბათ, უფრო ადრე წავიდოდა. მეორე, ევროკავშირის ამ დოზით ჩართულობა ასევე ევროკავშირის პასუხისმგებლობასაც ნიშნავს და როდესაც ასეთ პასუხისმგებლობას იღებ, თუ შედეგი არ დაიდება, ეს პრობლემაა ევროკავშირისთვის, მისი რეპუტაციისთვისაც და შარლ მიშელისთვისაც, მისი პოლიტიკური კარიერისთვის. შარლ მიშელი არ არის ვიღაც ჩინოვნიკი. ის არის პოლიტიკური ცხოველი, ასე ვთქვათ; ბელგიის მიშა სააკაშვილია, დაახლოებით და კამიკაძე კოალიციის ავტორი“, – განაცხადა რუხაძემ.

მისი თქმით, მხარეებს შორის შეთანხმება მალე იქნება.

„თუ დღეს-ხვალ არ იქნება, მაშინ, ეს ამბავი უკვე კარგა დიდხანს გაიწელება. თუ დანიელსონი ადგება და აქედან წავა, საბოლოო ჯამში, შეთანხმებას ვერ მივიღებთ. საბოლოო ჯამში, მივდივართ იქამდე, რომ ეს შეთანხმება ან ახლა მიიღწევა, ან გადავდივართ უფრო ღრმა კრიზისში, რომელიც მგონია, რომ ყველა შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებთან მიგვიყვანს“, – განაცხადა რუხაძემ.

გიორგი რუხაძემ ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების შეფასებისას სამართლიანი არჩევნები არ უხსენებია არც ეუთო/ოდირს და არც არავის, მხოლოდ ჯოზეფ ბორელმა თქვა, რადგან მას დასკვნა წაკითხული არ ჰქონდა.

„თქვენ ვერსად წაიკითხავთ სამართლიან არჩევნებს. სამართლიანი არავის უთქვამს. ეს მარტო ბორელიმ თქვა, უბრალოდ, შეეშალა, იმიტომ, რომ წაკითხული არ ჰქონდა. ის სხვა რაღაცებით არის დაკავებული და დარწმუნებული იყავით, მაგ რაღაცებს არ კითხულობს. რომ კითხულობდეს, ეგ ტრაგედია იქნებოდა, ოღონდ, მართლა“, – განაცხადა რუხაძემ.

რუხაძემ ასევე განაცხადა, რომ ვერც ერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია ვერ განსაზღვრავს იმას, ლეგიტიმურია თუ არა არჩევნები და ხელისუფლება.

„ის გეტყვის, რომ ასეთი იყო, ისეთი იყო, კონკურენტული იყო, ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო, კი ბატონო, მაგრამ იყო დაშინება, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი იყო წაშლილი და კიდევ ბევრი სხვა რაღაც. მივიღოთ თუ არა ეს შედეგი და ხელისუფლება ლეგიტიმურად, ეს უნდა გააკეთოს არა სადამკვირვებლო მისიამ, არამედ ქართულმა საზოგადოებამ“, – განაცხადა რუხაძემ.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნები პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საუკეთესო საშუალებაა და გაყალბებასთან დაკავშირებით არსებული კითხვის ნიშნებიც რომ არ იყოს, ის საქართველოში შექმნილი კრიზისის განსამუხტად საუკეთესო საშუალება იქნება.

დატოვე კომენტარი