გიორგი რამიშვილი - „სილქნეტისა“ და „ჯეოსელის“ შერწყმის შედეგად აბონენტები თანამედროვე მომსახურებას მიიღებენ
ჩვენი აბონენტები ყველაზე თანამედროვე ფიქსირებულ და მობილურ მომსახურებას მიიღებენ, – ამის შესახებ „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ შეძენასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობამ პოზიტიური და ნეიტრალური როლი ითამაშა ამ რთულ ტენდერში.
„7-თვიანი ტენდერი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. გავიმარჯვეთ საბანკო კონსორციუმის მონაწილეობით. ჩვენი აბონენტები მიიღებენ ყველაზე თანამედროვე მომსახურებას – ფიქსირებულ და მობილურ მომსახურებას. მთავრობამ პოზიტიური და ნეიტრალური როლი ითამაშა ამ რთულ ტენდერში. ასევე მჭიდრო კონტაქტი გვაქვს მარეგულირებელ კომისიასთან“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა.
როგორც „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა აღნიშნა, უახლოეს წლებში იგეგმება 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელდება, რათა კომპანია თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვოს.
„1-ელი თებერვლიდან საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიკრიბებით პარიზში და ვიწყებთ სერიოზულ მუშაობას კომპანიების ინტეგრაციაზე. მოხდება შერწყმა. უახლოეს წლებში ვაპირებთ 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას, რომ იყოს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა.
როგორც პრესკონფერენციაზე „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლექსო თოფურიამ აღნიშნა, განაცხადს მარეგულირებელ კომისიაში დღეს შეიტანენ.
„მარეგულირებელ კომისიაში განაცხადი დღეს იქნება შეტანილი და ველოდებით დასტურს. იმედი გვაქვს, რომ ეს დროულად მოხდება“, – აღნიშნა ლექსო თოფურიამ.
„სილნეტის“ მიერ კომპანია „ჯეოსელის“ შეძენის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გახდა ცნობილი.
კომპანიის ინფორმაციით, მიღწეულია შეთანხმება „ჯეოსელის“აქციონერებთან: Telia Company (STO:TELIA) და Turkcell (NYSE: TKC, IST: TCELL).
გარიგების ღირებულებამ 153 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
დაფინანსება „თიბისი ბანკისა“ და მის მიერ ორგანიზებული რეგიონული ბანკებისსესხითა და სილქნეტის საკუთარი კაპიტალით მოხდება.