გიორგი ქვილითაიას გოლით „არისმა“ ლაშა დვალის აპოელ-ი დაამარცხა – სლოვაკეთში თავი ცოტნე კაპანაძემ გამოიჩინა #1TVSPORT

11:07, 16.03.2025

ინგლისის ჩემპიონშიფში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „ოქსფორდს“ ესტუმრა და ქულის მოპოვება შეეძლო, მაგრამ 0:1 დამარცხდა. ქართველის გუნდი 79-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა, 82-ე წუთზე კი გოლი გაუშვა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 84 წუთი ითამაშა.

პორტუგალიურმა გრანდმა, „პორტუმ“ გიორგი აბურჯანიას „ავეში“ 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი განაცხადშიც არ იყო, რადგან ტრავმირებულია და 3 ნოემბრის შემდეგ აღარ უთამაშია.

კვიპროსის ჩემპიონატის გასავარდნთა ჯგუფში გიორგი ლორიას „არადიპუ“ ლიმასოლის აელ-ს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. გამოცდილმა ქართველმა მეკარემ გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა. მან გუნდი ხუთჯერ გადაარჩინა, მაგრამ სტუმრებმა მაინც მოიგეს.

ასევე, გასავარდნ ჯგუფში მათე კვირკვიას „კარმიოტისა“ ზურაბ მუსელიანის „პარალიმნის“ დაუპირისპირდა და 0:2 წააგო. მასპინძელთა რიგებში კვირკვიას არ უთამაშია, ხოლო მუსელიანი „პარალიმნის“ შემადგენლობაში მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა.

საჩემპიონო ჯგუფში კი ერთმანეთს ქართველების გუნდები შეხვდნენ. „არისმა“ შინ ლაშა დვალის აპოელ-ი მიიღო და გიორგი ქვილითაიას გოლით 1:0 გაიმარჯვა. სტუმართა შემადგენლობაში დვალი 87-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, ხოლო ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში იყო (64-ე წუთზე შეცვალეს) და ერთადერთი გოლი მე-15 წუთზე გაიტანა.

სლოვაკეთის ლიგის საჩემპიონო ჯგუფში „იბერიას“ ყოფილი მოთამაშეების კლუბები დაუპირისპირდნენ – ცოტნე კაპანაძემ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა თავი და „დუნაისკა სტრედას“ ალექსანდრე ნარიმანიძის „ჟილინას“ დამარცხებაში დაეხმარა (3:1).

23 წლის მცველი „დუნაისკა სტრედას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და წინა ტურში საგოლე გადაცემის შემდეგ, ამჯერად თავად გაიტანა, მან მე-40 წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა. საბოლოოდ, 8.5 შეფასება მიიღო და მატჩის მეორე საუკეთესო მოთამაშე გახდა. ნარიმანიძე „ჟილინას“ განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მორიგი გოლი დავით ვოლკოვმა გაიტანა და „საბაჰთან“ გასვლით მატჩში „ზირას“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა, შეხვედრა 1:1 დასრულდა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი პაპუნაშვილი, ვოლკოვი კი მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა, მან 63-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მიმდინარე სეზონში 29 წლის თავდამსხმელმა 26 მატჩში მეხუთე გოლი გაიტანა და აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბომბარდირთა საუკეთესო სამეულშია. პირველ ადგილზე მყოფ ლეანდრო ანდრადეს კი ორი გოლით ჩამორჩება.

მსგავსი