გიორგი ქვილითაიას „არისი“ კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერი გახდა, დაჩი ლორთქიფანიძე „კრემონეზეს“ განაცხადში იყო #1TVSPORT

22:36, 15.09.2025

ჩრდილოეთ ირლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დაჩი ლორთქიფანიძე დაუბრუნდა „კრემონეზეს“, რომელმაც იტალიის სერია A-შივერონასთან“ გასვლით შეხვედრაში ქულა მოიპოვა – 0:0.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში კრემონელების ფორმით სერია A-ში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა 38 წლის ჯეიმი ვარდიმ – „ლესტერის“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა.

20 წლის ქართველი ნახევარმცველი გუნდის განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა. კრემონელებმა მიმდინარე სეზონში ქულები პირველად დაკარგეს და 7 ქულით მესამე ადგილზე დაქვეითდნენ.

გიორგი ქვილითაიამ მორიგი შეხვედრა ჩაატარა „არისში“, რომელმაც კვიპროსის ჩემპიონატის მე-3 ტურში ნიქოზიის „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს.

მანამდე, თემურ ქეცბაიას დაბრუნების შემდეგ „ანორთოსისმა“ ერთ-ერთ ლიდერს, ლარნაკის აეკ-ს ქულა წაართვა – 1:1. „არისი“ 3 ტურის შემდეგ უდანაკარგოდ (9 ქულა) ჩემპიონატის ლიდერია, ქართველი მწვრთნელის გუნდი კი 2 ქულით ბოლოდან მესამე პოზიციაზეა.

მსგავსი