გიორგი ქვილითაია ორ თვეს დაისვენებს
გიორგი ქვილითაია ორ თვეს დაისვენებს

გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია და დიდი ალბათობით, ორ თვეს ვერ ითამაშებს და ზაფხულის მოსამზადებელი შეკრებაც გაუცდება.

ეს სამწუხარო ამბავი ავსტრიულმა სპორტულმა გამოცემებმა გაავრცელეს: მათი ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და “რაპიდის” თავდამსხმელი გუნდის ვარჯიშზე დაშავდა – კოჭი მოიტეხა და ხვალ ოპერაციას გაუკეთებენ.

ეს ყველაფერი საქართველოს ნაკრების 24 წლის თავდამსხმელს რთულ პერიოდში შეემთხვა. “რაპიდმა” დანიური “კოპენჰაგენიდან” თავდამსხმელი ანდრია პავლოვიჩი იყიდა, რომელსაც ქვილითაიას კონკურენტად მოიაზრებენ. ასეთ დროს გუნდის შეკრების გამოტოვება ძირითად შემადგენლობაში პავლოვიჩის დამკვიდრების შანსს კიდევ უფრო გაზრდის.

ეს კიდევ უფრო ცუდია იმის ფონზე, რომ საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის გათამაშებამდე შემტევების დიდი ნაწილი დაზიანებული ჰყავს ან რეაბილიტაციას გადიან: ლევა მჭედლიძე ახლა დაუბრუნდა “ემპოლის”, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე და გიორგი მერებაშვილი რეაბილიტაციას გადიან.