გიორგი ქვილითაია - მზად ვართ, რომ სამი ქულისთვის ვიბრძოლოთ და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ
გიორგი ქვილითაია - მზად ვართ, რომ სამი ქულისთვის ვიბრძოლოთ და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ

სკოპიესტოდორ პროესკი არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ, ვლადიმირ ვაისთან ერთად ფამაგუსტას „ანორთოსისის“ თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია იმყოფებოდა და 14 ოქტომბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაგეგმილი შეხვედრისთვის მზადებასა და გუნდში არსებულ ატმოსფეროზე ილაპარაკა.

„უზარმაზარ ზეწოლას ვგრძნობთ ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრების მხრიდან. ოცდაათი წელია, ველოდებით ევროპის ჩემპიონატზე გასვლას და ამ მიზნის მიღწევა დიდი საქმე იქნება. მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩი თბილისში რთული სათამაშო იყო და დარწმუნებული ვარ, ხვალაც არანაკლებ რთული იქნება. მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ სამი ქულისთვის ვიბრძოლოთ და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ”, – განაცხადა გიორგი ქვილითაიამ.

უეფას ერთა ლიგის С დივიზიონში ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს პირველი შეხვედრა თბილისში 8 სექტემბერს 1:1 დასრულდა. ამჟამად, ეს ორი გუნდი 5-5 ქულით ჯგუფის ლიდერია.

მეოთხე ტურის მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.