გიორგი ქვილითაია - მეტოქის სირთულეზე არ უნდა ვიფიქროთ
გიორგი ქვილითაია - მეტოქის სირთულეზე არ უნდა ვიფიქროთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს სრული შემადგენლობით შეიკრიბა – ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას ს.კ.ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე აგრძელებს.

დღევანდელ ვარჯიშში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა, ერთი საათი გაგრძელდა და ფეხბურთელებმა სრული დატვირთვით ივარჯიშეს. ინდივიდუალურად მხოლოდ ეროვნული გუნდის დებიუტანტი, ვატო არველაძე (კორონა,პოლონეთი) ვარჯიშობს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შვეიცარიისა და ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

საწვრთნელი პროცესის შემდეგ, ეროვნული გუნდისა და ბელგიურ „გენტის” თავდამხმელმა მცირე კომენტარი გიორგი ქვილითაიამ გააკეთა:

„დღეს, სრული შემადგენლობით პირველად ვივარჯიშეთ. რა თქმა უნდა, სრული სერიოზულობით ვემზადებით. ძლიერი მეტოქე გვყავს, ვფიქრობ, რომ შვეიცარია ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი ნაკრებია, თუმცა სახლში ვთამაშობთ და იმედი მაქვს გულშემატკივარი მხარს დაგვიჭერს როგორც ეს ერთა ლიგაზე მოხდა” – ამბობს ქვილითაია.

25 წლის თავდამსხმელის აზრით, მთავარია, რომ ფეხბურთელებმა საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნეს:

„ბოლო პერიოდში ძლიერ ნაკრებად ჩამოვყალიბდით, თავდაჯერება დაგვიბრუნდა. ჩვენ სწორედ ამაზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია და არა იმაზე, რა სირთულის მეტოქე გვყავს. ბოლო ოფიციალური თამაშები ტრავმის გამო გამოვტოვე, სწორედ ამიტომ დიდი მოლოდინი მაქვს. წლის პირველი მატჩი განსაკუთრებულია როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე ჩვენი გულშემატკივარებისთვის“.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩების განრიგი

23 მარტი, 18:00
საქართველო-შვეიცარია

26 მარტი 23:45
ირლანდია-საქართველო