გიორგი ქვილითაია კარიერას მეორე ბუნდესლიგის „ჰოლშტაინ კილში“ განაგრძობს #1TVSPORT
გიორგი ქვილითაიამ ფრანგული „მეცი“ დატოვა და კარიერას „ჰოლშტაინ კილში“ გააგრძელებს – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ტრანსფერზე ინფორმაციას მეორე ბუდნესლიგის კლუბი ავრცელებს.
გერმანული გუნდის ცნობით, 32 წლის გიორგი ქვილითაიამ კონტრაქტი ერთი წლით, 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
„ძალიან მიხარია, რომ „ჰოლშტაინ კილში“ ვითამაშებ. მინდა, ჩემს გუნდს მიზნების მიღწევაში დავეხმარო. ავსტრიაში გატარებული დროის წყალობით ახალ გუნდთან ადაპტაცია და შეთამაშება გამიადვილდება. მოუთმენლად ველი ახალი გუნდის, ქალაქისა და გულშემატკივრების გაცნობას“, – ამბობს გიორგი ქვილითაია.
ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა გერმანული გუნდის სპორტულმა დირექტორმა, ოლაფ რებემ: „გიორგის მოყვანით ჩვენ ძალიან გამოცდილი, კლასიკური თავდამსხმელი შევიძინეთ. ის შესანიშნავად თამაშობს საჯარიმოში, აქვს ფიზიკური ძალა და თავით კარგი დარტყმა. ამავე დროს გიორგი ლიდერის თვისებებით გამოირჩევა“.