გიორგი ქუთათელაძე - დავიწყოთ ახალი აზროვნება, გამოვფხიზლდეთ

დავიწყოთ ახალი აზროვნება, გამოვფხიზლდეთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოს“ მერობის კანდიდატმა, გიორგი ქუთათელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2021“ სტუმრობისას განაცხადა.

მერობის კანდიდატმა თავის მისასალმებელ სიტყვაში მიმართა ვაჟა ოძელაშვილს:

„მივესალმები ძვირფას ადამიანს, დიდ ქართველს, რომელმაც პატივი დაგვდო, მობრძანდა, ბატონი ვაჟა ოძელაშვილი, რომლის შვილი, ნინო ოძელაშვილი თქვენ იცით, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ორგზის ევროპის ჩემპიონი, მეორე შვილი ერეკლე ოძელაშვილი, ევროპის ჩემპიონი, მრავალგზის პრიზიორი და დღეს დაგვიბრუნდა, ერევანში უზარმაზარი ტურნირი აქვს მოგებული. აუცილებლად უნდა აღინიშნოს გიორგი ოძელაშვილი, მისი ნაბოლარა, ის ბიჭი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, უშორეს მწვერვალზე ავიდა და ჩამოხსნა ის სოდომიტური, ბილწი დროშა დაანარცხა ძირს და საქართველოს ზნეობა იხსნა და მე მოვითხოვ, მისი მეგობრები ყველა, გათავისუფლდეს ის 33 კაცი და ამავე დროს, ჩემო მეგობრებო, დავიწყოთ ახალი აზროვნება. ვაღიაროთ ისეთი დიდი სიმართლე, რომელიც ყველამ იცის და ამ კამათში გავიზარდეთ ჩვენ. საქართველო არის ლიბანიზირებული, გაყოფილი ორ ნაწილად. ერთ მხარეს დგას ამერიკის ჯარი, მეორე მხარეს დგას რუსის ჯარი, ამაზე ვიფიქროთ, გამოვფხიზლდეთ“, – განაცხადა გიორგი ქუთათელაძემ.

საქართველოს პირველ არხზე დებატები იმართება დედაქალაქის მერობის ყველა კანდიდატს შორის: თამარ კეკენაძე – „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ #1;​ გიორგი ლომია – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ #8; ანა ბიბილაშვილი – „ლელო“ #9; მიხეილ ქუმსიშვილი – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ #10; გიორგი ქუთათელაძე – „საქართველო“ #13; თეიმურაზ ბობოხიძე – „მამული“ #15; გიორგი ლაღიძე – „გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“ #20; არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ #23; გიორგი გახარია – „გახარია – საქართველოსთვის“ #25; ქეთევან ნაკაშიძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ #29; ევგენი ღვინიაშვილი – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ #30; ზაზა ხატიაშვილი – „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ #37; კახა კალაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ #41; ანა დოლიძე – „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ #48; გიორგი გაჩეჩილაძე – „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ #50. ამასთან, დებატებში მონაწილეობდა ნიკანორ მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ #5, რომელმაც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დებატები დატოვა.