იოსებ ქოიავას მამა პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს
იოსებ ქოიავას მამა პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ხვალ გენერალურ პროკურატურაში მოკლული იოსებ ქოიავას მამა თამაზ ქოიავა გამოიკითხება.

როგორც ქოიავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, პროკურატურიდან მას დღეს დაუკავშირდნენ და გამოკითხვაზე დაიბარეს.

„დამირეკეს პროკურატურიდან და ხვალ მთხოვეს, მივიდე დაკითხვაზე, როგორც მითხრეს, საქმე შეწყალებაზე დაწყებულ გამოძიებას ეხება, აქ მხოლოდ გაბუნიაზე არ უნდა იყოს საუბარი, ეგ არის ზღვაში წვეთი. გაბუნია რომ წყვეტდეს რამეს, დაღუპულები ვიქნებოდით, ეს საკითხი სრულიად სხვა დონეზეა გადაწყვეტილი. გაბუნიამ შეიძლება ითამაშა გარკვეული როლი სიის შედგენაში, შეიძლება კითხეს აზრი, მაგრამ ვერაფერს გეტყვით. პატარა ბავშვი არ ვარ, ათას ვიღაცაზე და რაღაცაზე ვფიქრობ, მაგრამ მთავარი დამნაშავე არის პრეზიდენტი რომელმაც ხელი მოაწერა , მისი იდეა იყო თუ სხვისი არ ვიცი, მისი ხელმოწერით გამოვიდნენ ეს ადამიანები ციხეებიდან და მთავარი დამნაშავე არის პრეზიდენტი, თორემ სხვები არიან თანამონაწილეები. ვნახოთ, ხვალ მივალ და გავარკვევ ყველაფერს, წინასწარ რაიმე მოლოდინზე საუბარი სწორი არ მგონია“, – განაცხადა თამაზ ქოიავამ.

თამაზ ქოიავა მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძისა და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება.

დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ირმა ნადირაშვილი. სწორედ „ევროპულმა საქართველომ“ მიმართა გენერალურ პროკურატურას განცხადებით რამდენიმე დღის წინ და გამოძიების დაწყება მოითხოვა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალების ფაქტებზე.

პარტიის წევრ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, საქართველოს საადვოკატო წრეებთან დაახლოებული პირისგან, წყაროს გაუთქმელობის პირობით მიიღეს ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული.