გიორგი ქობულია - წელს 10 ჰესი შევა ექსპლუატაციაში, ჯამური სიმძლავრით 94,8 მეგავატი 
გიორგი ქობულია - წელს 10 ჰესი შევა ექსპლუატაციაში, ჯამური სიმძლავრით 94,8 მეგავატი 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და მსხვილ პროექტებზე ისაუბრა.

გიორგი ქობულიას ინფორმაციით, 2019 წელს ექსპლუატაციაში შევა 10 ჰესი, რომელთა ჯამური სიმძლავრე 94,8 მეგავატი იქნება.

ამასთან, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 230 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის „გარდაბანი 2“ ექსპლუატაციაში გაშვებაზე, ასევე 50 მეგავატიანი ქარისა და ხუთ მეგავატიანი მზის ელექტროსადგურების მშენებლობაზე, რომელიც წელს დაიწყება.

„აღნიშნული ენერგეტიკული პროექტები 2019 წელსვე მოგვცემს ჩვენი გენერაციის მნიშვნელოვან მატებას და საგრძნობ წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.