გიორგი ქობულია - ტურიზმის განვითარებაში ძირითადი გამოწვევა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა
გიორგი ქობულია - ტურიზმის განვითარებაში ძირითადი გამოწვევა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა

ტურიზმის განვითარებაში ჩვენი ძირითადი გამოწვევა ტურისტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომელმაც დღეს ვიზიტორების სტატისტიკის პრეზენტაცია გამართა.

მისი თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად დაგეგმილია მთელი რიგი ინიციატივები ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განვითარების, ასევე მომსახურე პერსონალის გადამზადების კუთხით. წელიწადში 11 000-მდე ადამიანი გადამზადდება.

„8.5 მილიონზე მეტი ვიზიტორი გვყავდა ჩვენ და პრაქტიკულად 5 მილიონამდე ტურისტს მივაღწიეთ 2018 წელს. ეს არის ძალიან დიდი ციფრი, ქვეყნის მოსახლეობასთან შედარებით ორჯერ მეტი. მსოფლიოში ძალიან ცოტაა ქვეყნები, რომლებსაც ტურიზმში ასეთი შედეგი აქვს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, გაზრდილია მაღალხარჯვითუნარიანი ტურისტების რაოდენობა. მინისტრის განცხადებით, მსგავსი კატეგორიის ტურისტების მოზიდვა ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის შემუშავებულია სტრატეგია.

„მიზნობრივი ბაზრებისთვის შეთავაზებები გვაქვს დაგეგმილი. ვაწარმოებთ მასობრივ სარეკლამო კამპანიას, რომ კიდევ უფრო ავამაღლოთ საქართველოს ცნობადობა და მიმზიდველობა უცხოელი ტურისტებისთვის“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

2018 წელს საქართველოში 8 679 544 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი შედგა. ზრდა 2017 წელთან შედარებით 9.8 პროცენტია.