გიორგი ქობულია - თუ ვინმეს სურს, წარმოაჩინოს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხალხს ნაკლებად უჭირდა, ეს არის ტყუილი
გიორგი ქობულია - თუ ვინმეს სურს, წარმოაჩინოს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხალხს ნაკლებად უჭირდა, ეს არის ტყუილი

მე არ მითქვამს, რომ ხალხს არ უჭირს, ვთქვი, რომ ძალიან უჭირს, მაგრამ არა უფრო მეტად, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები.

ქობულიას თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ბევრმა ვერ გაიგო ის, რაც მან თქვა, თუმცა არსებობს ჩანაწერი, რომლის მოსმენა ყველას შეუძლია.

მინისტრის განმარტებით, მან თქვა, რომ საქართველოში არის საოცარი გასაჭირი და ხალხს საოცრად უჭირს. ასევე, აღნიშნა, რომ არ მსუბუქდება მათი ვითარება იმით, რომ დღეს ისე არ უჭირთ, როგორც გუშინ.

„გავეცი ჟურნალისტის კითხვას პასუხი, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ყოველ წელიწადს ვუარესდებით. მე ვთქვი, რომ ეს ასე არ არის. ვისაც აქვს ამაზე კითხვა და პრეტენზია შემიძლია, დავუჯდე და სახალხოდ დეტალურად გავურჩიო, მაგრამ ვისაც ექნება ამაზე პრეტენზია, არ ვურჩევ ამ საკითხზე ჩემთან დაჯდომას. მე არ მითქვამს, რომ ხალხს არ უჭირს და ძალიან გთხოვთ, ეს კითხვა მეორედ არ დამისვათ. ვთქვი, რომ ძალიან უჭირს და საოცრად უჭირს, მაგრამ არ უჭირს უფრო მეტად და ბევრად მეტად, ვიდრე უჭირდა ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ეს ვთქვი. თუ ვინმეს თქვენგან უნდა, გაატაროს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ნაკლებად უჭირდა ხალხს, ეს არის ტყუილი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, ვისაც უჭირს შესაბამისად, ამის განცდაც აქვს, თუმცა მდგომარეობას არ უმსუბუქებს ის, რომ გუშინაც ანალოგიურად უჭირდა.

„ადამიანს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს უფრო უჭირდა საშუალოდ, ვიდრე დღეს უჭირს. დარწმუნებული ვარ, ეს ნებისმიერმა თქვენგანმა კარგად იცის, ვისაც აღნიშნული საკითხი ესმის“, – მიმართა გიორგი ქობულიამ დეპუტატებს კომიტეტის სხდომაზე.