გიორგი ქობულია - „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ საკითხში სამართალდამცავი უწყებები გაერკვევიან
გიორგი ქობულია - „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ საკითხში სამართალდამცავი უწყებები გაერკვევიან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ საკითხში სამართალდამცავი უწყებები გაერკვევიან.

მისი თქმით, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიმართ ბრალდებები სერიოზულია და ამის დაკავშირება პოლიტიკურ პროცესებთან სწორი არ არის.

„სამართალდამცავი უწყებები და პროკურატურა დეტალურად გაერკვევიან ამ საკითხში, ეს არის მათი პრეროგატივა. ბრალდებები,  რომლებიც გაჟღერდა, არის უმძიმესად სერიოზული და საჭიროა გარკვევა. ამას ვერანაირად ვერ დავაბრალებთ მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს. მე არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა კერძო ბიზნესზე ზეწოლაა, რადგან  სერიოზული ბრალდებებია, რომელთაც ფაქტობრივი მტკიცებულებები აქვს. შესაბამისად, საკითხში უნდა გაერკვნენ ორგანოები, რომელთა ფუნქციასაც წარმოადგენს ამის გარკვევა. სამწუხაროდ, მეტს ვერ ვიტყვი, ეს არის პროცესი, რომელსაც წარმართავს პროკურატურა“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. უწყების  ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.