გიორგი ქობულია - სისტემურად მზად ვართ, დაგროვებითი საპენსიო სისტემა პირველი იანვრიდან ამოქმედდეს
გიორგი ქობულია - სისტემურად მზად ვართ, დაგროვებითი საპენსიო სისტემა პირველი იანვრიდან ამოქმედდეს

საპენსიო რეფორმის თვალსაზრისით სისტემურად მზად ვართ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში დაიწყება კამპანია, რომლის მეშვეობითაც საზოგადოება საპენსიო სისტემის მუშაობაზე მიიღებს ინფორმაციას.

„ჩვენ საპენსიო რეფორმის თვალსაზრისით ვართ მზად. წინა კვირას გვქონდა ფართო განხილვა ამ საკითხზე, სისტემურად მზად ვართ და უახლოეს დღეებში დაიწყება ძლიერი კამპანია, რომელიც მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას, როგორ იმუშავებს საპენსიო სისტემა. ჩვენ მზად ვართ, პირველი იანვრიდან დავიწყოთ,
ესწრება ყველაფერი. პიარკამპანიის თვალსაზრისით, ცოტა ადრე უნდა დაგვეწყო, მაგრამ ამას ავანაზღაურებთ ახლა, რადგან ინტენსიური კამპანია გვაქვს დაგეგმილი, მთავარია, რომ სისტემა მზად არის“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. მასში მონაწილეობა სავალდებულოა 40 წლამდე ასაკის დასაქმებული მოქალაქეებისთვის, ხოლო 40 წლის ზევით – ნებაყოფლობით. სისტემის მონაწილე დასაქმებულის საპენსიო შენატანების დაფინანსება შემდეგნაირად ხორციელდება: დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას მონაწილე დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით; დამსაქმებელი მონაწილე დასაქმებულის სახელით, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს საპენსიო შენატანს  დასაქმებულზე  გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით; მონაწილე თვითდასაქმებული ახორციელებს საპენსიო შენატანს თავისი წლიური შემოსავლის 4 პროცენტის ოდენობით; ასევე, სახელმწიფო მონაწილის სასარგებლოდ, მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხავს 2 პროცენტს.