გიორგი ქობულია - საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი დაბრკოლება შრომისუნარიანი მოსახლეობის კვალიფიკაციის პრობლემაა
გიორგი ქობულია - საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი დაბრკოლება შრომისუნარიანი მოსახლეობის კვალიფიკაციის პრობლემაა

საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი დაბრკოლება შრომისუნარიანი მოსახლეობის კვალიფიკაციის პრობლემაა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, ეს არასასიამოვნოდ ჟღერდეს, მაგრამ საჭიროა, მოსახლეობის კვალიფიკაცია გაუმჯობესდეს.

„კვალიფიკაციის ამაღლება იმაში დაგვეხმარება, რომ შევქმნათ კვალიფიცირებული მუშახელის ბაზა, რომელიც შემდეგ ინვესტორს მოიზიდავს“, – განაცხადა ქობულიამ.

როგორც მინისტრმა განმარტა, ინვესტორის მოსაზიდად საჭიროა რამდენიმე პირობა, რისი საშუალებითაც ინვესტორს დავუმტკიცებთ, რომ საქართველოში შემოსვლით მიიღებს ისეთ სარგებელს, რასაც სხვაგან ვერ ნახავს.

„ერთ-ერთი ძირითადი კითხვა, რომელსაც ინვესტორი სვამს, არის ეს – ვინ გყავთ, როგორც კვალიფიცირებული მუშახელი. თუ გვინდა, რომ ინვესტორი მოვიდეს და მაგალითად, ტექსტილის ქარხნები გახსნას, ის აუცილებლად შეგვეკითხება, გვყავს თუ არა მუშახელი, რომელსაც ტექსტილის თანამედროვე დაზგებზე მუშაობა შეუძლია“, – განაცხადა ქობულიამ. 

ანალიტიკოს მათე გაბიცინაშვილის შეკითხვაზე, რამდენად თანმიმდევრულია „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომელიც ამის პარალელურად ამბობს, რომ მისი მიზანი მცირე მთავრობაა და კონსტიტუციაში ტოვებს ჩანაწერს, რომელიც მთავრობის ხარჯვითი პოლიტიკის ზრდას კრძალავს, ქობულიამ განაცხადა, რომ აუცილებელი არ არის, ასეთი საგანმანათლებლო პროგრამები მხოლოდ ბიუჯეტიდან დაფინანსდეს და მათ დაფინანსებაში კერძო სექტორიც უნდა იყოს ჩართული.

ანალიტიკოს გურამ ნიკოლაშვილის შეკითხვაზე, ქვეყანაში რომელი სტრატეგიული მიმართულებების აღორძინება იგეგმება, ქობულიამ აღნიშნა, რომ ახალი ასეთი სტრატეგია მკაფიოდ ჩამოყალიბებული არ ყოფილა, ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა, რის წინაშეც ახალი მთავრობა აღმოჩნდა.

„დღესდღეობით, ეკონომიკის სამინისტროს მთელი გუნდი სწორედ ამ სექტორული სტრატეგიების შესაქმნელად მუშაობს. პრაქტიკულად, ეს უკვე დამთავრებული სამუშაოა და თითოეული სექტორის მიხედვით ჩვენს სტრატეგიას მოსახლეობას, პარლამენტს, მთავრობის სხვა წევრებსა და ჟურნალისტებს დიდი სიამოვნებით გავაცნობთ“, – განაცხადა ქობულიამ.

მისი თქმით, კონცეფცია აქამდეც არსებობდა, მაგრამ ახლა ბევრად უფრო დეტალური სტრატეგიული გეგმა მუშავდება.

„მაგალითად, უნდა ჩამოვყალიბდეთ, მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენ ტურისტს ველოდებით, რა ობიექტები უნდა შევქმნათ იმისთვის, რომ ეს ტურისტები მოვიზიდოთ და რა ინფრასტრუქტურა გვჭირდება ამ ობიექტების მომსახურებისთვის. ამაში შედის გზები, სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ტუალეტები და ავტოტრანსპორტი, რომელიც დღეს ქაოტურად არის ორგანიზებული და პრაქტიკულად, არ გაგვაჩნია“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.