გიორგი ქობულია  სამუშაო ვიზიტით ბულგარეთს ეწვევა
გიორგი ქობულია სამუშაო ვიზიტით ბულგარეთს ეწვევა

4-5 აპრილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბულგარეთს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის სამთავრობო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს ორი ქვეყნის სავაჭრო – ეკონომიკური და სამეცნიერო – ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისო კომისიის მე-6 სხდომის მუშაობაში.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ქობულიას დაგეგმილი აქვს შეხვედრები ბულგარეთის ეკონომიკის მინისტრთან ემილ კარანიკოლოვთან, აგრეთვე ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომუნიკაციების მინისტრთან როსენ ჟელიაზკოვთან. 5 აპრილს გაიმართება საქართველო – ბულგარეთის სავაჭრო – ეკონომიკური და სამეცნიერო – ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისო კომისიის მე-6 სხდომა, რომლის ფარგლებშიც ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის ცალკეულ მიმართულებებს და სამომავლო პრიორიტეტებზე შეთანხმდებიან.

მათივე ინფორმაციით, დაგეგმილია კომისიის სხდომის ოქმზე ხელმოწერა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს ბულგარეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, რომლებიც ან უკვე საქმიანობენ საქართველოში, ან აქვსდიდი ინტერესი, მოახდინონ კაპიტალის ინვესტირება საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში.