გიორგი ქობულია სამოქალაქო ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
გიორგი ქობულია სამოქალაქო ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია სამოქალაქო ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

მისი განცხადებით, საქართველოსთვის სამოქალაქო ავიაციის სფეროს განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი, და რაც მთავარია, საჭირო სფეროს თანამშრომლები ბრძანდებით, მითუმეტეს არსებული რეალობის გათვალისწინებით – დღეს საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრია, ჩვენს მოქალაქეებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში დაუბრკოლებლად შეუძლიათ გამგზავრება, ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციამ კი სრულიად ახალი ეკონომიკურ-სოციალური პერსპექტივები მოგვცა. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო ავიაციის სფეროს განვითარება, რასაც, ვფიქრობ, ჩვენ ყველა საერთო ძალისხმევით თავს წარმატებით ვართმევთ“, – აცხადებს ქობულია.

ეკონომიკის მინისტრი ხაზს უსვამს 2018 წელს მიღწეულ წარმატებებს, მათ შორის ფრენების უსაფრთხოებისა და უშიშროების სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით.

ICAO-ს 2018 წლის აუდიტის შედეგების თანახმად, საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვისა და ზედამხედველობის თვალსაზრისით საქართველოს საერთო მაჩვენებელი 87.64%-მდე გაუმჯობესდა. ახალი მაჩვენებლებით, საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით მსოფლიოში ოცდამეათე, ევროპაში მეათე, ხოლო რეგიონში პირველ ადგილზეა. ასევე სერიოზული წარმატებები გვაქვს მგზავრთა უფლებების დაცვისა და ევროპული სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. საქართველოს საავიაციო ბაზარი დღითიდღე იზრდება: საჰაერო მიმოსვლის ლიბერალური პოლიტიკიდან გამომდინარე, დღეისათვის საქართველოს საავიაციო ბაზარზე 37 ავიაკომპანია ოპერირებს, მხოლოდ მიმდინარე წელს, ბაზარზე 8 უცხოური ავიაკომპანია შემოვიდა. შესაბამისად, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი ყოველწლიურად იზრდება – საშუალოდ 20%-ით. მხოლოდ წელს, 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები უკვე 4 696 039 მგზავრს მოემსახურა, რაც 23%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობასთან შედარებით“, – აღნიშნავს ქობულია.

მინისტრის თქმით, საქართველო სამოქალაქო ავიაციის სფეროში სერიოზულ მოთამაშედ, რეგიონულ ლიდერად ყალიბდება, რაც მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის თვალსაზრისით.

„ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამოქალაქო ავიაცია ის დარგია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ადამიანთა უსაფრთხოების, მათ შორის სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან. ეს ყველაფერი იმის საფუძველს გვაძლევს, რომ თამამად ვთქვათ – სამოქალაქო ავიაცია დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სწრაფად პროგრესირებადი დარგია, რასაც თქვენი მაღალი კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის წყალობით მივაღწიეთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეს და მადლობას გიხდით საქმისადმი თქვენი ერთგულებისთვის. გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში”, – მიმართავს ქობულია დარგის წარმომადგენლებს.