გიორგი ქობულია სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში EBRD-ის დირექტორ ბრუნო ბალვანერას შეხვდა
გიორგი ქობულია სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში EBRD-ის დირექტორ ბრუნო ბალვანერას შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორს, ბრუნო ბალვანერას შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს, მათ შორის საუბარი შეეხო სფეროებს, რომელშიც EBRD-ი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას: სამთო მრეწველობა, კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის პროგრამა, ენერგოეფექტურობა და სხვა.

„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გიორგი ქობულიას მიერ განსახილველ საკითხთა ასეთმა სიღრმისეულმა ცოდნამ მისი მინისტრობის საწყის ეტაპზევე. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მომავალშიც ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ, ვინაიდან იგი მზადაა და გახსნილია დიალოგისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მომავალი თანამშრომლობის ინტერესი საქართველოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით“, – განაცხადა ბრუნო ბალვანერამ გიორგი ქობულიასთან პირველი ოფიციალური შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.