გიორგი ქობულია - საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას დამატებით ბიძგს მისცემს
გიორგი ქობულია - საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას დამატებით ბიძგს მისცემს

მთავრობის სხდომაზე დღეს საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის დანერგვასთან დაკავშირებით დადგენილება მიიღეს.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, მექანიზმი პირველი აპრილიდან ამოქმედდება.

„ყველაფერი გაკეთებულია, ბანკებთან მოლაპარაკებები დასრულებულია და დღეს მთავრობის დადგენილებით გადაწყვეტილებაც მიღებულია. ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან იგი განსაკუთრებით გამიზნულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის. ინიციატივა ისეთ მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელთაც არ აქვთ საკუთარი ქონება, რომ სესხის აღების დროს ბანკში ჩადონ, სესხის აღების საშუალებას მისცემს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გიორგი ქობულია განმარტავს, რომ აღნიშნული მექანიზმი ეხება 50 000 ლარიდან 2 მილიონ ლარამდე ოდენობის სესხებს.

„70 პროცენტი ამ სესხის უზრუნველყოფა იქნება სახელმწიფოსგან. აღნიშნული სესხი შეიძლება, იყოს 10 წლიანი, 10 წლამდე. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ინიციატივა დამატებით ბიძგს მისცემს საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მინისტრის შეფასებით, პროგრამის ბიუჯეტი წელს 20 მილიონ ლარზეა გათვალისწინებული.

„თუ დავინახეთ, რომ ეს პროგრამა ამუშავდა კარგად და მეტი მოთხოვნა იქნა, შემდეგ წელიწადს ბიუჯეტს გავზრდით“, – განუცხადა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს.