გიორგი ქობულია - რეგულაციები პრინციპულად სწორია, რომ მოსახლეობა გაუაზრებელი კრედიტებისგან დავიცვათ, თუმცა კორექტირება შესაძლებელია
გიორგი ქობულია - რეგულაციები პრინციპულად სწორია, რომ მოსახლეობა გაუაზრებელი კრედიტებისგან დავიცვათ, თუმცა კორექტირება შესაძლებელია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მიიჩნევს, რომ ახალი საბანკო რეგულაციების შემოღება პრინციპულად სწორი იყო.

ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რეგულარულად მიმდინარეობს კონსულტაციები კერძო სექტორთან, ასევე ბანკებთან საბანკო რეგულაციების უფრო ოპტიმალური შედეგისთვის.

„როგორც მიმართულებას და ვექტორს არ შევცვლით. მიგვაჩნია, რომ რაც გაკეთდა, ეს პრინციპულად სწორია და სწორი იმისთვის, რომ  დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი შრეები გაუაზრებელი კრედიტისგან, მაგრამ ამ მიმართულებების შიგნით, რა თქმა უნდა, გავდივართ კონსულტაციებს რეგულარულად,  როგორც კერძო სექტორთან, ისე ბანკებთან. დღესდღეობით, განვიხილავთ იმ მცირე დარეგულირების საშუალებებს, რაც მოგვცემს უფრო ოპტიმალურ შედეგს ამ საბანკო რეგულაციების“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მისი თქმით, საუბარია მაგალითად, სესხებთან დაკავშირებით განსაზღვრული კოეფიციენტების კორექტირებაზე და ა.შ.

„რაც შეეხება ამ დარეგულირების მექანიზმებს, აქ არის საუბარი ვთქვათ, განსაზღვრული კოეფიციენტების დაკორექტირებაზე და ა. შ. ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი, რაც თავიდანვე იყო მოსალოდნელი. ყოველთვის ასე ხდება. როდესაც შემოგვაქვს რეგულაციები, შემდეგ ვაკვირდებით და არ არის არაფერი უცნაური, რომ შეიძლება, რაღაც კორექტივები შევიტანოთ. თუმცა, მიმართულების თვალსაზრისით არაფერს ვცვლით“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ.

დატოვე კომენტარი