გიორგი ქობულია - კვიპროსის რესპუბლიკასთან საზღვაო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ველოდებით
გიორგი ქობულია - კვიპროსის რესპუბლიკასთან საზღვაო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ველოდებით

ტურიზმის სფეროში ძალიან ბევრი გამოცდილება შეგვიძლია, გავცვალოთ კვიპროსის რესპუბლიკასთან, ეს ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სექტორია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებთ სხვა სექტორებსაც, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განუცხადა.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დღეს საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტების, სალომე ზურაბიშვილისა და ნიკოს ანასტასიადისის შეხვედრა პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებული ფორმატით გაიმართა. გიორგი ქობულია საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის წევრია.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დღეს ხელი მოეწერა საქართველოსა და კვირპროსის რესპუბლიკას შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობას.

„კვიპროსს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ციტრუსების, ასევე ზეთისხილის მოყვანაში, რაც ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი სექტორებია. დღეს გაფორმებული მემორანდუმი ამ სფეროში უფრო ღრმა თანამშრომლობის საფუძველი გახდება“, – განაცხადა ქობულიამ.

მისი თქმით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საზღვაო სფერო.

„კვიპროსს ჰყავს გემების მენეჯმენტის ძალიან მსხვილი კომპანიები. ეს არის „კოლუმბია შიფმენთი“, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა და ძალიან აქტიურია საქართველოში. არის ჩვენი მეზღვაურების ერთ-ერთი ძირითადი დამსაქმებელი. აქტიურად თანამშრომლობს საზღვაო სასწავლებელთან, გვეხმარება მეზღვაურთა გადამზადების კურსების მოდერნიზაციაში და ასაქმებს მეზღვაურებს“, – განაცხადა ქობულიამ.

მისი შეფასებით, მეზღვაურები აჭარის ეკონომიკისთვის ტურიზმზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

„აქაც ჩვენ ველოდებით თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტ გაღრმავებას და მეტ შედეგიანობას საზღვაო საქმეში. გვაქვს აქტიური მოლაპარაკება და დისკუსია „კოლუმბია შიფმენთთან“ და კვიპროსთან, როგორ გავაღრმავოთ თანამშრომლობა საზღვაო საქმეში. შესაძლოა, კვიპროსი არ არის ევროკავშირის ყველაზე უმსხვილესი ეკონომიკა, მაგრამ რიგი ფაქტორების გამო, ჩვენთვის შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი იყოს“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.