გიორგი ქობულია - კორეა მცირე და საშუალო საწარმოებისა და სტარტაპების მხარდაჭერაში დაგვეხმარება
გიორგი ქობულია - კორეა მცირე და საშუალო საწარმოებისა და სტარტაპების მხარდაჭერაში დაგვეხმარება

საქართველო და კორეა მცირე და საშუალო საწარმოებისა და სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით მემორანდუმს გააფორმებენ, რომლის თანახმადაც კორეული მხარე ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებს, ხოლო ადგილობრივ სტარტაპერებს კორეაში მიიწვევს, სადაც მათ საკუთარი ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა მიეცემათ, – აღნიშნულ  შეთანხმდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და კორეის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და სტარტაპების მინისტრი ჰონგ ჯონგ-ჰაკი საკითხზე.

შეხვედრა გიორგი ქობულიას კორეაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კორეის მხარემ დეტალურად ისაუბრა ინსტრუმენტებზე, რომლებსაც კორეული მცირე და საშუალო საწარმოებისა და სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით იყენებენ, რაც ადგილობრივ დამწყებ მეწარმეებს განვითარებისა და ახალი პარტნიორების მოძიებაში ეხმარება.

აღინიშნა, რომ კორეული მხარის გამოცდილება ამ მიმართულებით  განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოსთვის. ამიტომ, მინისტრები შეთანხმდნენ,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კორეის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და სტარტაპების სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდეს.

„კორეა მცირე და საშუალო საწარმოებისა და სტარტაპების მხარდაჭერაში დაგვეხმარება. მემორანდუმის თანახმად, კორეული მხარე გამოცდილებას გაუზიარებს ქართველ კოლეგებს. გარდა ამისა, მომზადდება სპეციალური პროგრამები ქართველი მცირე მეწარმეებისთვის, რომლის საფუძველზეც ისინი კორეაში გაემგზავრებიან და საკუთარი დამწყები ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა მიეცემათ“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გიორგი ქობულიამ კორეელი კოლეგა საქართველოში, „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

შეხვედრას ასევე საქართველოს ელჩი კორეაში ოთარ ბერძენიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი დაესწრნენ.

დატოვე კომენტარი