გიორგი ქობულია - კანაფის მოყვანა-წარმოების ლიცენზიის გაცემასა და დარეგულირებაზე პრობლემა არ შეიქმნება
გიორგი ქობულია - კანაფის მოყვანა-წარმოების ლიცენზიის გაცემასა და დარეგულირებაზე პრობლემა არ შეიქმნება

კანაფის მოყვანა-წარმოებისთვის ლიცენზიის გაცემისა და დარეგულირების პრობლემა არ შეიქმნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა რთულია კონკრეტულ ციფრებზე საუბარი, თუ რა შემოსავალი შეიძლება მოუტანოს მარიხუანას ექსპორტმა.

„ახლა ვერ ვისაუბრებთ, რა ოდენობის შემოსავალი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას ამან, რადგან ჯერ გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რომელშიც უნდა დავრწმუნდეთ, მაგრამ ამას აქვს საკმაოდ ეკონომიკური შინაარსი. შევისწავლეთ მთელი რიგი ქვეყნების გამოცდილება, როგორიც არის კანადა, ისრაელი და ა.შ. მათაც მიიღეს ანალოგიური კანონები და არ ვართ პირველები, არ ვიგონებთ რაღაცას. ეს უკვე გამოცდილია და გადმოვიღეთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა, დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა. რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, კანონპროექტის თანახმად, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ მკაცრი კონტროლი განხორციელდება.