გიორგი ქობულია - ჰონგ კონგის ბიზნესის წარმომადგენლები ჩვენი ეკონომიკის რამდენიმე ძირითადი სექტორის შესწავლით არიან დაინტერესებულნი
გიორგი ქობულია - ჰონგ კონგის ბიზნესის წარმომადგენლები ჩვენი ეკონომიკის რამდენიმე ძირითადი სექტორის შესწავლით არიან დაინტერესებულნი

იმედი გვაქვს, ჰონგ კონგი გახდება ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო და ბიზნესპარტნიორი, – ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ჰონგ კონგის ბიზნესდელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელსაც ჰონგ კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი ხელმძღვანელობს.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაცია ეცნობა იმ ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორებიცაა ინვესტიციები, ტურიზმი, მეწარმეობა და ა.შ.

„ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაციამ გამოხატა დიდი დაინტერესება ჩვენი ქვეყნის მრავალი სექტორით, ბევრი კითხვა იყო ენერგეტიკის, წარმოების, ტექნოლოგიების, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სექტორების მიმართულებით. მათ ძირითადად აინტერესებთ, თუ რით არის გამორჩეული ჩვენი ქვეყნის ბიზნესგარემო, რით ვჯობივართ ან რით გავუწევთ კონკურენციას სხვა ლოკაციებს მათი ბიზნესის გასავითარებლად. ამ კითხვებზე ჩვენგან მიიღეს საკმაოდ დეტალური პასუხები, გამოხატეს კმაყოფილება და ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს. იმედი გვაქვს, ჰონგ კონგი გახდება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო და ბიზნესპარტნიორი მომავალში“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ჰონგ კონგის ბიზნესდელეგაცია საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად საქართველოში 18 მარტს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით გაიმართა ბიზნესფორუმი „ინვესტიციების შესაძლებლობები საქართველოში“, სადაც ჩატარდა მნიშვნელოვანი პრეზენტაციები საქართველოს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი სამთავრობო პროგრამების, ასევე სააგენტოს საქმიანობის შესახებ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ჰონგ კონგის დელეგაცია ეწვევა სხვადასხვა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას თბილისსა და ფოთში და შეხვდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებელი კორპორაციის წარმომადგენლებს.