გიორგი ქობულია დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა 
გიორგი ქობულია დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა 

საჭიროა, რომ ბიზნესისგან მოვისმინო პრობლემური საკითხები, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ და პარტნიორ კომპანიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მან დღეს ბევრი კითხვა და ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოისმინა, როგორც ამას დღემდე აკეთებდა.

„საჭიროდ და სასარგებლოდ მიმაჩნია ასეთი ტიპის შეხვედრები, რადგან ძალიან მჭირდება, რომ ბიზნესისგან მოვისმინო პრობლემური საკითხები. დღეს ლაპარაკი იყო სახელმწიფო შესყიდვებში ადგილობრივი წარმოების და ექსპორტის წახალისებაზე, თუ როდის იქნება მიღებული ხარისხის სერთიფიკატები, რომლებიც სჭირდება ჩვენ პროდუქციას, რომ იყოს გატანილი ექსპორტზე. ვისაუბრეთ გამარტივებულ ურთიერთობებზე ბიზნესსა და სამინისტროებს შორის, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ. ასევე, ვმუშაობთ ინვესტორთან ერთი ფანჯრის პრინციპის შექმნაზე, ეს იქნება ეკონომიკის სამინისტროში, საიდანაც მოვუგვარებთ ინვესტორებს ყველა პრობლემას სხვადასხვა სამინისტროებში. ბევრი საკითხი ეხებოდა ქონების მართვას, ქონების პრივატიზაციას და მასთან დაკავშირებით პროცესების გამარტივებას“, – აღნიშნა ქობულიამ.