გიორგი ქობულია ბულგარეთის ეკონომიკისა და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრებს შეხვდა
გიორგი ქობულია ბულგარეთის ეკონომიკისა და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრებს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას ვიზიტი ბულგარეთში გრძელდება. სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გიორგი ქობულია ბულგარეთის ეკონომიკისა და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საზღვაო გადაზიდვების სფეროში თანამშრომლობისა  და საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის გააქტიურების საკითხებს. ვიზიტის პირველ დღეს საუბარი ასევე შეეხო საქართველო–ბულგარეთის ბიზნეს ფორუმის ორგანიზებას, თანამშრომლობას მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხში და ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების დაახლოებას, მათ შორის, ავეჯის მწარმოებელი ერთობლივი კლასტერის შექმნის საკითხს, რომელიც ქართველ მწარმოებლებს გაუადვილებს გასვლას ევროკავშირის და სხვა ბაზრებზე.

ბულგარეთის ეკონომიკის მინისტრის, ემილ კარანიკოლოვის განცხადებით, ბულგარული მხარე დაინტერესებულია ქვეყნებს შორის ურთიერთობის შემდგომ განვითარებაში.

„ორგანიზებას გავუწევთ ბიზნეს ფორუმს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველო და ბულგარეთი და განვიხილავთ მრავალ საკითხს, მათ შორის კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით. აუცილებელია, ორი ქვეყანა უკეთ იყოს ინფორმირებული ერთმანეთის შესაძლებლობებზე და ამიტომ, ამ ფორუმის გამართვა ძალზედ მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე ასევე მივიღეთ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას”, – განაცხადა ემილ კარანიკოლოვმა.

თავის მხრივ, ნაყოფიერად შეაფასა გიორგი ქობულიასთან შეხვედრა ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომუნიკაციების მინისტრმა, როსენ ჟელიაზკოვიმ. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბულგარეთისა და საქართველოს შორის შვი ზღვის გავლით სატრანსპორტო დერეფნების გაუმჯობესებისა და ტურიზმის საკითხებს.

„ბევრ ბულგარელს სურს ეწვიოს საქართველოს და ვიცი, რომ ბევრი ქართველია, რომელსაც სურს ეწვიოს ბულგარეთს. პრობლემა ისაა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მანძილის სიმცირის მიუხედავად, მგზავრობა ხანგრძლივი, მარშრუტი კი, გრძელია. ამიტომ, უნდა მოვიძიოთ საჰაერო ტრანსპორტის განვითარების შესაძლებლობები და ხელი შევუწყოთ საჰაერო კომპანიებს, რათა აღმოვფხვრათ ეს ნაკლოვანება ორმხრივი ან სამმხრივი ძალისხმევით, რეგიონში დაინტერესებული მესამე ქვეყნების ჩართულობით. ვისაუბრეთ უკეთეს კავშირებზე, სპარსეთის ყურის დერეფნის განვითარებაზე შავი ზღვის გავლით, რადგან საქონლის თავისუფალი გადაადგილება ეკონომიკური განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა როსენ ჟელიაზკოვიმ.

ვიზიტის მეორე დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საქართველო–ბულგარეთის სავაჭრო–ეკონომიკური და სამეცნიერო–ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისი კომისიის მეექვსე სხდომაში. ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრები ბულგარეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.