გიორგი ქობულია ბულგარეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა
გიორგი ქობულია ბულგარეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

ბულგარეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბულგარეთის ეკონომიკის მინისტრს, ემილ კარანიკოლოვს შეხვდა, რომლის დროსაც მხარეებმა  ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ბულგარეთს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ, რომელთა შორისაც თანამშრომლობა არაერთ მიმართულებას მოიცავს.  შეხვედრაზე ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო განვითარებას, ორი ქვეყნის საქმიან წრეებს შორის დაახლოების პროცესის ხელშეწყობას და სხვა. ასევე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ურთიერთობას რეგიონული თანამშრომლობის ჩარჩოებში.

გიორგი ქობულიამ ბულგარელ კოლეგას გააცნო საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, რომლის გამოც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ ქვეყნის ეკონომიკა რეგიონის ერთ-ერთ დინამიურად ზრდად ეკონომიკებს შორის დასახელდა. ასევე ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს რეგიონში და მათი გადაჭრის გზებზე, მათ შორის, ურთიერთთანამშრომლობის კონტექსტში.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, აღინიშნა, რომ 2018 წელს ვაჭრობა საქართველოსა და ბულგარეთს შორის 29 პროცენტით გაიზარდა და 440 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ამ მაჩვენებლით ბულგარეთის საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა შორის მეცხრე პოზიციაზეა. ასევე 39 პროცენტით გაიზარდა ბულგარეთში საქართველოს ექსპორტი. ამავე დროს მხარეებმა აღნიშნეს, რომ სავაჭრო კავშირები უნდა განვითარდეს.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის განვითარების მიზნით ბიზნეს ფორუმის ორგანიზების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. ხაზი გაესვა იმ შესაძლებლობებს, რომელთაც ქართველ მწარმოებლებს აძლევს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რათა მათ გაყიდონ საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებს ბაზარზე.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე, რომელიც არაერთხელ დადებითად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. მათ შორის, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგით, რომელმაც 2019 წელს საქართველო მე-6 პოზიციაზე განათავსა. საქართველოში ბულგარული ინვესტიციებზე საუბრისას, აღინიშნა, რომ 2018 წელს ბულგარეთიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 89 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ასევე, შეხვედრაზე გიორგი ქობულიამ ბულგარელი კოლეგა თბილისში დაგეგმილ აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.

„შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას. განსაკუთრებით ხაზი გაესვა არსებული საავტომობილო და სარკინიგზო საბორნე მიმოსვლის შემდგომ განვითარებას, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების ალტერნატიულ დერეფნებთან შედარებით კონკურენტუნარიანობის გაზრდას და მათი გავლით შეუფერხებელ სატრანსპორტო ოპერაციების წარმოებას“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ბულგარეთში საქართველოს ელჩი  თამარ ლილუაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი.