გიორგი ქობულია ბიზნესასოციაციების ხელმძღვანელებს ხვდება
გიორგი ქობულია ბიზნესასოციაციების ხელმძღვანელებს ხვდება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ბიზნესასოციაციების ხელმძღვანელებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრას მართავს.

საუბარია სამინისტროს მიერ დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებზე და ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე.

შეხვედრას ხუთი ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები და სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ესწრება.

ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი ასლანიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც შეხვედრაზე დააყენებს, შრომის უსაფრთხოებას შეეხება.

“ვიცით, რომ 2019 წლიდან იგეგმება შრომის ინსპექციისთვის ისეთი ინსტრუმენტების მიცემა, რომელიც ყველანაირად ხელს გაუშლის მათ ფართო საქმიანობაში და ექნებათ ყველანაირი ბიზნესის შემოწმების უფლება, რაც ჩვენი ხედვით არ არის მართებული და მნიშვნელოვნად შეაფერხებს ეკონომიკური სუბიექტების აქტივობას. ერთ-ერთი საკითხია მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონპროექტი. გვაინტერესებს, როგორი სახის იქნება კანონპროექტი და ხომ არ გამოიწვევს უკვე არსებულ კანონებთან დუბლირებას. ბევრი სექტორი უკვე რეგულირდება ამ ნაწილში. მიგვაჩნია, რომ ახალი კანონის შემოტანა ზედმეტია ეკონომიკისთვის”, – აღნიშნა ასლანიშვილმა.

ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ნინო ზამბახიძის განცხადებით, მინისტრის ხედვა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით აინტერესებს.

“მნიშვნელოვანია, თუ რა ხედვა აქვს მინისტრს მიწასთან დაკავშირებით. რეგიონებიდან ამ კუთხით ბევრი გამოწვევაა. ასევე, მნიშვნელოვანია მისი ხედვა ეკონიმიკის განვითარებასთან დაკავშირებით. საინტერესოა მისი ინიციატივა აგრომიმართულების, აგროპოლისებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ცოტა გაურკვეველი იყო, თუ რა მიმართულება უნდა აიღოს სოფლის მეურნეობის კუთხით ეკონომიკის სამინისტრომ”, – აღნიშნა ზამბახიძემ.