გიორგი ქობულია - ბევრი საინტერესო იდეა არ ფინანსდება ბანკების მიერ და რჩება ქაღალდზე, ამიტომ შევქმენით საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი
გიორგი ქობულია - ბევრი საინტერესო იდეა არ ფინანსდება ბანკების მიერ და რჩება ქაღალდზე, ამიტომ შევქმენით საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი

იმის გამო, რომ ბანკი არ გასცემს კრედიტს, ბევრი საინტერესო იდეა არ ფინანსდება ბანკების მიერ და რჩება ქაღალდზე, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა.

გიორგი ქობულიას ინფორმაცით, პირველ კვარტალში ამოქმედდება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომელიც ბევრ ბიზნესგეგმას რეალობად აქცევს. საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმისთვის 2019 წლის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყო. შესაბამისი თანხები მცირე და საშუალო საწარმოებზე გაცემული კრედიტების გარანტირებას მოხმარდება.

„საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი გულისხმობს, რომ როდესაც კომპანია მიდის ბანკში, ძალიან ხშირად ამ კომპანიას გააჩნია შესანიშნავი ბიზნესგეგმა და აქვს ძალიან საინტერესო იდეა, ჰყავს კვალიფიცირებული გუნდი, მაგრამ ბანკი მას სთხოვს ქონების ჩადებას ან რაიმე გარანტიის ჩადებას, კრედიტი რომ არ დაბრუნდეს, ბანკმა რომ წაიღოს ის ქონება. ამის გამო ბევრი საინტერესო იდეა არ ფინანსდება ბანკების მიერ და ეს იდეა რჩება ქაღალდზე, ბიზნესიც ამიტომ ვერ არსებობს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ შევქმენით ინსტრუმენტი. სწორედ ასეთ შემთხვევებში დავუდგებით მთავრობა ბანკს ​გარანტორად. ჩვენ მივცემთ გარანტიას კრედიტთან დაკავშირებით, ასეთი კომპანიები მიიღებენ კრედიტს და განვითარდებიან. ეს მექანიზმი იქნება შემდეგი სახის: კომპანია, რომელსაც შემოაქვს განაცხადი, მას განიხილავს ბანკი და აგრეთვე ჩვენი სააგენტო. ეს იქნება დაფუძნებული ეკონომიკის სამინისტროს „აწარმოე საქართველოს“ სააგენტოში. ორივე მხარე განიხილავს. თუ კომპანიას აქვს კარგი ფინანსური მაჩვენებელი და აქვთ საღი ბიზნესგეგმა, აკმაყოფილებენ რამოდენიმე კრიტერიუმს, ჩვენ განვიხილავთ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში ჩასართავად, რაც გულისხმობს, რომ კრედიტის 70 პროცენტი, რომელსაც ეს კომპანია მიიღებს, იქნება მთავრობის მიერ გარანტირებული“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მისივე თქმით, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმისთვის წლევანდელ ბიუჯეტში 20 მილიონი ლარია ჩადებული.