გიორგი ქობულია - არჩევნების შემდეგ ნახეთ, რა იქნება, შეიძლება, ლარი 2.7-ზე ქვემოთ ჩამოვარდეს
გიორგი ქობულია - არჩევნების შემდეგ ნახეთ, რა იქნება, შეიძლება, ლარი 2.7-ზე ქვემოთ ჩამოვარდეს

არჩევნების შემდეგ ნახეთ, რა იქნება, შეიძლება, ლარი 2,7-ზე ქვემოთ ჩამოვარდეს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

„დააკვირდით, ახლა რა მოხდა. ლარი უკვე გაძლიერდა და ნახეთ, ერთ კვირაში რა მოხდება. მოსახლეობას მოვუწოდებ, ლარის ერთი და ორი თეთრით გადახრაზე რეაქცია არ ჰქონდეს, რადგან ლარი ბაზარზე თავისუფალ ვაჭრობაშია და ასეთი მოძრაობა ყოველთვის იქნება. ასეთი მოძრაობა დოლარსაც აქვს და ევროსაც“, – განაცხადა ქობულიამ.

მისი თქმით, თუ ამომრჩეველი მთავრობას ნდობას გამოუცხადებს და მას საშუალებას მისცემს, აღებული კურსით იმოძრაოს, ეკონომიკის ზრდა იქნება არა 4,9-5%, რასაც დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, არამედ მთავრობას შეუძლია, ეს მაჩვენებელი წელიწადში 7–7.5%-მდე ასწიოს.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, სჯერა, რომ ლარი უფრო გაძლიერდება.

„ანგარიშზე რა ევროც მქონდა, ლარში გადავიყვანე. ეს კომერციული საქციელია, რადგან მჯერა, რომ ლარი უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა ქობულიამ.

გიორგი ქობულიამ ასევე აღნიშნა, რომ ლარს არაფერი სჭირს და ეროვნულ ვალუტას რამე რომ სჭირდეს, ეკონომიკის საბალანსო ციფრებში უნდა გამოიხატებოდეს.

„ლარს რომ რაიმე სჭირდეს, ჩვენი ეკონომიკა არ უნდა იზრდებოდეს და ამასთან ერთად, სავაჭრო დეფიციტი ძალიან სწრაფად უნდა გვეზრდებოდეს, ან ამას რაღაც ეკონომიკური საფუძველი უნდა ჰქონდეს. ღრმა ანალიზის შედეგად, ჩვენ ეკონომიკურ საფუძველს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.