გიორგი ქობულია - ანაკლიის პროექტს ზედმეტად დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ, ის პოლიტიკურად გამოიყენება
გიორგი ქობულია - ანაკლიის პროექტს ზედმეტად დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ, ის პოლიტიკურად გამოიყენება

ვთვლი, რომ ანაკლიის პროექტს ზედმეტად დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ, ის პოლიტიკურად გამოიყენება და ასე შემდეგ, – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ბოლო დროს ამ პროექტთან დაკავშირებით იმდენ კითხვას სვამენ, რომ ცოტა არაკომფორტულადაც კი ვგრძნობ თავს. ვთვლი, რომ ამ პროექტს ზედმეტად დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ, ის პოლიტიკურად გამოიყენება და ა.შ. დოკუმენტალურად ვერ მოვიპოვე ამ პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობის აღწერა. რომ ჩამეკითხოთ, ზეპირსიტყვიერადაც ვერ აგიხსნით, ეს რას ნიშნავს და ვერავინ ვერ ამიხსნა გარდა იმისა, რაც სულ მესმოდა, რომ ეს პროექტი არის სტრატეგიული, დიდი და მნიშვნელოვანი. ამ სიტყვების უკან რა დგას, ჩემთვის გაურკვეველია და ძალიან ვცდილობდი, ეს გამეგო. ვფიქრობდი, ამდენი ლაპარაკია, პროექტი კონსტიტუციაში ჩაწერეს და ალბათ, მე ვცდები-მეთქი. ამიტომ, მარტო ეკონომიკას კი არა, პოლიტიკურ სტრატეგიულობასაც კი შევხედე, მაგრამ ეს ვერ ვიპოვე. თუ ვიღაც მოვა და რეალურად ამიხსნის, ამის უკან რა დგას, ძალიან მადლობელი დავრჩები, რადგან ეს ჩემთვისაც საინტერესოა“, – განაცხადა ქობულიამ.

ამ განცხადებით გიორგი ქობულიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, მიაგნო თუ არა მან ანაკლიის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რაკი მის ეკონომიკურ დასაბუთებას და სარგებელს ვერ მიაგნო.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, არის თუ არა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება და მის მიერ ამ პროექტის ხსენება საკმარისი იმისთვის, რომ პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობა დავინახოთ, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ ეს ამისთვის საკმარისი არ არის.

„ამისთვის საჭიროა, ჩვენთვის ავხსნათ, რატომ არის ეს სტრატეგიული მნიშვნელობის. სტრატეგიული რისთვის – უსაფრთხოებისთვის? თუ უსაფრთხოებისთვის, კი ბატონო, მაგრამ მაშინ უნდა ავხსნათ, რა თვალსაზრისით და რა უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი; სამხედრო უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი, ეკონომიკურზე თუ რა. ჩვენმა საპატიო პარტნიორმა რომ ეს თავის გამოსვლაში ახსენა, დიდი მადლობელი ვარ ამ რეკომენდაციისთვის და როგორც მოქალაქე, მივესალმები, მაგრამ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, ეს ჩვენი გადასაწყვეტია. ვერ გავაკეთებთ იმას, რასაც ჩვენ გვეუბნებიან, ვინც არ უნდა გვეუბნებოდეს“, – განაცხადა ქობულიამ. 

მისი თქმით, ხელისუფლებამ თავიდანვე დაუშვა შეცდომა, როცა ასეთი პროექტი კონსტიტუციაში შეიტანა, ამხელა მნიშვნელობა მიანიჭა და საერთოდ, ეს თემა დღევანდელ კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა, როცა ამ საკითხის პოლიტიზირება მოხდა და პროექტი სხვადასხვა მხარეების მიერ პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენება.

ქობულიამ ასევე განაცხადა, რომ ისმის კითხვა, იქნებ, საქართველოს ბევრად უფრო მცირე, მაგრამ ხშირი გემები სჭირდება, რომლებიც დერეფანში უფრო აქტიურად იმოძრავებენ.

„გვაქვს ჩვენ იმხელა ტვირთბრუნვა, რომ ამხელა გემები მივიღოთ?! და რატომ არ გვაქვს?! რადგან ჩვენი დერეფანი ძალიან მძიმე გეოგრაფიას გადის; ორი ზღვა უნდა გადაცუროთ, რომ ტვირთმა იმოძრაოს. თუ ტვირთი ყაზახეთიდან მოდის ევროპაში, ყაზახეთის პორტში უნდა მოვიდეს, კასპიის ზღვა გადმოცუროს, მერე ისევ რკინიგზაზე დაიტვირთოს, მოვიდეს საქართველოს პორტში, დაიტვირთოს გემზე და ა.შ. ეს არის ძალიან მძიმე და ხარჯიანი გადატვირთვები. იგივე კონსორციუმისგან ველოდებოდი, რომ ანალიზს წარმომიდგენდნენ, თუ როგორი კონკურენტუნარიანია ეს დერეფანი სხვა დერეფნებთან შედარებით. მაშინ, მე ვიტყოდი, რომ კი ბატონო, მოიზიდავთ ტვირთებს, მაგრამ როდესაც ინვესტორი პირდაპირ წერს, ამდენი ათასი კონტეინერი მექნებაო, გათვლებს აქედან აგრძელებს და ამ დროს, გაურკვეველია, საიდან იქნება ამდენი ათასი კონტეინერი, რა თქმა უნდა, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს არა მარტო ჩემში, არამედ როგორც აშკარად ჩანს, ინვესტორებსა და კრედიტორებშიც“, – განაცხადა ქობულიამ.

პირველი არხის ანალიტიკოსის, მათე გაბიცინაშვილის შეკითხვაზე, რამდენად ფიქრობს ის, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და ანაკლიის პროექტი ორი ერთმანეთის ალტერნატივაა და როგორ უნდა მივიდეს ტვირთი ანაკლიამდე, როცა ამ რკინიგზის მეშვეობით თურქეთში უნდა ჩავიდეს, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა „ძალიან მაგრად ურტყამს ანაკლიის პროექტს“.

„მარტო ანაკლიას კი არა, საერთოდ – ჩვენს პორტებს. რა თქმა უნდა, ასეთი რკინიგზის გაკეთება და ამასთან ერთად, ლაპარაკი იმაზე, კიდევ ერთი ღრმაწყლოვანი პორტი გავაკეთოთო, საერთოდ სასწაულია“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა თქვას, რომ „ჩვენ ამ პორტს შევასრულებთ, რადგან აქ დიდი პოლიტიკური ზარალი განვიცადეთ, საინვესტიციო გარემო და ა.შ., მაგრამ ეს არასწორი იქნება, რადგან ეს ძალიან დიდი ფასია, რაც საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაიხადოს, რათა ის შეცდომა გადაიფაროს, რაც დაშვებული იყო“.

დატოვე კომენტარი