გიორგი ქობულია - ანაკლიის პროექტი განსახილველი პრიორიტეტია, საუბარია ამ საკითხის კომპლექსურად შესწავლაზე
გიორგი ქობულია - ანაკლიის პროექტი განსახილველი პრიორიტეტია, საუბარია ამ საკითხის კომპლექსურად შესწავლაზე

ანაკლიის პროექტი განსახილველი პრიორიტეტია, საუბარია ამ საკითხის კომპლექსურად შესწავლაზე და ჩვენ ამას კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატები დაინტერესდნენ, დარჩება თუ არა ანაკლიის პროექტი პრიორიტეტად.

„ანაკლიის პროექტზე ბევრი ლაპარაკი იყო. ეს არის მთლიანობაში საქართველოს ლოჯისტიკური ჰაბის სტრატეგიის საკითხი. არ შეიძლება, ანაკლიის პორტი ცალკე იყოს. ჩვენთვის, როგორც მთავრობისთვის, მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყნის სარგებელი. ანაკლიის პროექტი არის აბსოლუტურად განსახილველი პრიორიტეტი. აქ არის საუბარი ამ საკითხის კომპლექსურად შესწავლაზე და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ ამას კომპლექსურად. ჩემთვისაც პრიორიტეტია, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი და როგორ შეიძლება, ჩემთვის პრიორიტეტი არ იყოს.

საქმე ისაა, რომ სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება ტვირთბრუნვების თვალსაზრისით. ჩვენ უნდა გადავხედოთ კიდევ ერთხელ. ჩემს გუნდთან საუბარი მქონდა, რომ კიდევ ერთხელ უნდა ავწიოთ ის კვლევები, რომელიც გაკეთებული იყო. შეიძლება, განვაახლოთ, კიდევ ერთხელ შევხედოთ ამას ახალი თვალით, როგორ იქცეს საქართველო ჰაბად, როგორ გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეს კორიდორი – ჯერჯერობით პასუხი ამ კითხვაზე არა მაქვს, მაგრამ გვექნება“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.